აპოკალიფსი იქნება

13690834_1367282973288511_2092468648135759250_n

თავი |

არაფრით განსაკუთრებული დღე არ იყო გარდა იმისა რომ კართან ფეხსაწმენდზე ვიღაცის ნარწყევი დამხვდა, კიდევ კარგი არ ჩავტოპე, დედის გინებით ჩამოვირბინე 7 სართული. ლიფტებს არ ვცნობ ყველგან ყოველთვის ფეხით ავდივარ და ჩამოვდივარ. ლიფტს ორი მინუსი აქვს გაზარმაცებს და ზომბი აპოკალიფსის დროს საშინლად საფრთხილოა პატარა სივრცეები. მოკლედ სადარბაზოდან გამოვედი გაბრაზებული რომ დღე ასე დაიწყო, საკუთარ თავზე ცრუმორწმუნეათქო ვერ ვიტყვი მაგრამ მაინც მძაბავს ალბათ ბავშვობიდან არის გამოყოლილი ქვეცნობიერად ჩამიელვებს ხოლმე როგორ აკაკუნებს დედა სამჯერ ხეზე და სამჯერვე აფურთხებს მარცხნივ, შემთხვევით დაყრილ მარილს კი სასწრაფოდ წყალს ასხავს. უიღბლოდ დაწყებული ორშაბათი კიდე ხო აზრზე ხარ რაც იქნება… იმას ვამბობდი სადარბაზოდან გამოვედი მეთქი, ვხედავ თავის ჯიხურთან სადაც სიგარეტს ღერებით და დამწვარ ზესუმზირას ყიდის, ციალა გდია. საათს დავხედე. უგულო არ ვარ უბრალოდ ციალა რამდენი წლისაცაა იმდენი ლარით დამაჯარიმებენ თუ სამსახურში 5 წუთით მაინც დავიგვიანებ მე კიდე ახალი კუკრი მაქვს გამოწერილი რომელსაც გადახდა უნდა.

მისკენ გავემართე და შორიდანვე დავუძახე:

  • ციალა ბებია…

ოდნავ შევატოკე და ვიფიქრე გადმოვაბრუნებთო “აუ ეს თუ მკვდარია ახლა, სასწრაფო გამოიძახე და ის ეს… მომკლავს მამუკა” გადმოვაბრუნე თუ არა მაჯაზე მეცა ეს ნაბოზარი.

დრო განელდა მერე ისევ ასწრაფდა მერე ისევ განელდა, შენელებული კადრებივით ჩემი ღრიალის ხმა შორიდან მოგუდულად ჩამესმა ეგრევე წიხლი ჩავარტყი სახეში ხელზე ამოგლეჯილ ხორცს დავხედე, ნავარჯიშები ტვინი წამში იღებს გადაწყვეტილებას “ხელი უნდა მოვიჭრა” გიჟივით შევვარდი უკან სადარბაზოში კიბეებს ვეცი კედლებს ვასკდები გავრბივარ საკუთარ სისხლზე ფეხი მისრიალებს მეხუთე სართულზე გავითიშე, რამდენიმე წუთში ალბათ გონს მოვედი მეშვიდე სართულამდე უკვე ოთხით ავედი ნარწყევში გავიხოხიალე ოთახში შევვარდი მკლავზე ქამარი გადავიჭირე თაროების უკან გაკეთებულ შიდა თაროებზე ყველაზე პატარა და მოქნილი მაჩეტე ავარჩიე იქვე ტუმბოჩკაზე დავდე ხელი და მაჩეტე იდაყვის ახლოს მთელი ძალით დავარტყი.

სისხლი სისხლი სისხლი უფრო მეტი სისხლი გონებას ვკარგავ გამოსახულება ორდება სამდება ოთხდება ეს მწვანე ხარვეზები მართლაა თუ მეჩვენება ჭერზე გაკრული ეში მიყურებს “განრისხებული მიცვალებულებიდან” ხელზე მიმაგრებული ბენზოხერხით. სინათლე ნელ-ნელა ქრება ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ფსკერისკენ მივექანები გზადაგზა რაღაცებს ვეხეთქები ძალიან ძალიან მტკივა მთლიანად მომიცვა საშინელმა ტკივილმა ჯანდაბა მაქს ბრუქს შენი დედაც, მახსოვდა უფრო მარტივი ჩანდა.

თავი ||

მე სანდრო ვარ მეგობრები სანის მეძახიან, მეგობრები რა ბექა სანის მეძახის. საღამოობით ჩემთან მოდის ქსელურ თამაშებს ვთამაშობთ ერთად. ბექა ძალიან ჭკვიანია. თეორიულად ყველაფერი კარგად იცის მაგალითად როგორ დაამზადოს დეტონატორი, გადარჩეს ველურ ბუნებაში, დაელაპარაკოს ლამაზ გოგოს… მაგრამ პრაქტიკაში გამოცდა არ უყვარს. საათობით შეგვიძლია ვსვათ ბებიაჩემის გამოგზავნილი თეთრი ბლის კომპოტი და ლამის ხელჩართულ ბრძოლამდე ვიკამათოთ ამა თუ იმ საკითხზე. ალკოჰოლს არც ერთი არ ვეტანებით… მიყვარს ფხიზელ გონებაზე ყოფნა, ვინ იცის საიდან გამოჩნდება საფრთხე… პარანოიკი არ ვარ უბრალოდ.. კარგით ხო დაახლოებით ათი წლის წინ ექსკურსიაზე ისე დავთვერი ბოლო ერთი წელი მარტო მაგაზე ლაპარაკობდა მთელი სკოლა, მაგის მერე ალბათ მართლა წვეთი ალკოჰოლი არ დამილევია, არც სიგარეტს ვეწევი ბექასგან განსხვავებით, რომელიც სხვადასხვა მსუბუქ ნარკოტიკებსაც ეტანება. ბავშვობიდან ვმეგობრობთ თითქოს მას ის აქვს რაც მე მაკლია და პირიქით. მე ვერასდროს ვიტანდი ჩემს ოჯახს ბექა აღმერთებს თავის დებს და დედას, მე არ ვსწავლობდი კარგად ბექა სასახელო მოსწავლეების დაფაზე იყო მუდამ, მე ყოველთვის მოვწონდი გოგოებს, ბექაზე მასწავლებლები გიჟდებოდნენ.  მესამე კლასში მის სკოლაში გადამიყვანეს ჩემი დიდი პროტესტის მიუხედავად მშობლებმა და ერთ მერხზე ავღმოჩნდით მას მერე განუყრელი მეგობრები ვართ…

8 წლის ასაკში ნაბიჭვარი რომეროს “მიცვალებულთა აისი” ვნახე და მაშინ და დავავადდი იმ სენით რომელსაც ზომბი აპოკალიფსი ჰქვია. შეპყრობილივით დავიწყე ყველაფრის კითხვა, ყურება შეგროვება. საცხოვრებლად მარტო გადასვლის შემდეგ საიდუმლო თაროების აწყობა, კონსერვების მომარაგება, ბავშვობიდანვე ვარჯიში, ორთაბრძოლის სწავლა, მუდამ ფორმაში ყოფნა, სროლის სწავლა, მაჩეტეს ჯეროვნად ხმარება. ფულსაც კი ვაგროვებ ქალაქგარეთ სახლის ასაშენებლად ამიტომ ვუშაობ იქ სადაც მძულს დილით მისვლა სამაგიეროდ კარგად მიხდიან, ზედმეტ ფულს არასდროს ვხარჯავ რასაც სახლის ფულზე არ ვამატებ სხვადასხვა იარაღს ვიწერ ვაგროვებ, პანტერასავით სწრაფი ვარ და მოქნილი, დაქირავებული მკვლელივით პედანტი ცივსისხლიანი და გამობრძმედილი.

ჰო კარგით, ვაზვიადე, მაგრამ ყველაფერი ნაწილობრივ სიმართლეა ან იქნებოდა ზარმაცი რომ არ ვიყო და პრაქტიკულად გავდიოდე იმას რასაც ვიდეო თამაშებში ვაკეთებ და თეორიულ კურსს ვეძახით.

ვცდილობ ბექა გადმოვიბირო, რადგან ალბათ ერთადერთი ადამიანია ვინც მიყვარს მინდა გადარჩეს, მინდა იბრძოლოს!

თავი |||

ვიღვიძებ… უფრო სწორად ის იღვიძებს მე უბრალოდ ვხედავ. წამოიმართა ხმები შორიდან მოდის მაგრამ ნათლად ვარჩევ მის უაზრო ბღუილს კბილების კრაჭუნს… სარკესთან რომ გაიარა შევნიშნე მისი უკვე გახრწნილი კანი ჩასისხლიანებული თვალები, ნახევრად მოჭრილი, ხორცზე დაკიდებული ხელი. თავი მძულს მინდა მთელ ხმაზე ვიყვირო მუშტები ვურტყა კედელს. ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა! რატომ ვარ ისევ აქ რატომ ვარ აქ ჩაკეტილი ვერ ვინძრევი უბრალოდ ჩემი ცნობიერი ამ სხეულში დარჩა უკონტროლო კიბეებზე დაგორდა. გარეთ კივილის ტირილის ღმუილის მანქანების დამუხრუჭების ხმები ერთმანეთში ირევა, როგორც ჩანს ხმას მიყვება, როგორ გავაღწიო აქედან რამე შუქის მაგვარი არ უნდა დამენახა როცა მოვკვდი? ან ცის ან სულაც ცეცხლის.. იქნებ ესაა სალხინებელი.

ნეტა ყველა ზომბი ასეა? სხეულებში ჰყავთ ჩაკეტილი თავიანთი თავი? თუ მომკლავენ  გავაღწევ ამ ტანიდან თუ სადაც დამაგდებენ იქ ვიქნები უსასრულობამდე. რამე უნდა მოვიმოქმედო მაგრამ რა ვერაფერს ვაკეთებ სიბნელეში ვდგავარ და წინ ორი ეკრანივით ვიყურები უკვე სხვისი თვალებიდან. აი ბედის ირონია, მთელი ცხოვრება ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის რომ ლუზერი არ ვყოფილიყავი, ამაზე უარესი ისიც არ იყო კლასში შუა გაკვეთილზე ჩაფსმულს რომ გამეღვიძა. მშობლებმა ამჯერად სხვა სკოლაში არ გადამიყვანეს, კარგი მოტივატორი იყო იმისთვის რომ პირველ კურსზევე მუშაობა დამეწყო და დამეხვია იმ სახლიდან. თუ გინდა ზომბი აპოკალიფს გადაურჩე არ უნდა გყავდეს ოჯახი არ უნდა გყავდეს მეგობრები და შეყვარებული, ნებისმიერი “ადამიანისთვის” ნირშეუხრელად უნდა შეგეძლოს ტყვიის შუბლში დაჭედება!  

ფიქრებიდან რომ გამოვერკვიე უკვე ვიღაცას ვძიძგნიდი, გულის რევის საშინელი შეგრძნება დამეუფლა ავყროლდი თითქოს ყველა უჯრედით ვგრძნობ ამ საშინელ სუნს, როგორ აფათურებს ეს მონსტრი ვიღაცის ნაწლავებში ხელებს სახეში იზელს ადამიანის ორგანოებს და კმაყოფილებისგან ღმუის…

თავი |V

არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა ერთი დღე? ერთი კვირა? იქნებ წელიც. ჩემი ცნობიერიც ზომბად იქცა თითქოს გაშტერებული ვაგდივარ სიბნელეში ვუყურებ როგორ განადგურდა თბილისი, ხან სად ავღმოჩნდები ხან სად, რამდენიმე დღე საერთოდ რაღაც ჩიხში ვიყავი გაჭედილი ვერც წინ მივდიოდი ვერც უკან ხმაურის გაგონებაზე აქტიურდებოდა იქნევდა ხელებს უაზროდ მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა, ბოლოდ რაღაც ჩამოინგრა და გამოვედი. რაღაც მასას მივყევი აზრზე არ ვარ სად მიდიოდნენ რა ჭკუა მოეკითხებათ რო..

ვუყურებ და თან ფიქრობ რომელ ზომბში რომელი ტიპია გაჭედილი ამ ფიქრებში უცებ ვხედავ წინა რიგებიდან ასფალტზე ცვენა დაიწყეს თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა, შემდეგ თვალი მოვკარი შენობის სახურავებზე ვიღაც ავტომატის ჯერს გვატარებს, ჩაკეტილი სადარბაზოების ღრიჭოებიდან კი დიდ მილებს თავში არჭობენ. რომელიღაც კარები შელეწეს და შევარდნენ ატყდა ერთი ამბავი გაფაციცებული ვუყურებ რა მოხდება,

აქეთ იქეთ ვეხეთქები თან ვცდილობ დავინახო ირგვლივ სიტუაცია. უცებ ვიღაცამ გადამაყირავა დავვარდი და ავფართხალდი, თავზე ბექა მადგას შეშლილი სახით სათვალე აქვს გატეხილი, თავი გადახვეული ხელში ჩემი მაჩეტე უჭირავს სამი თვე ვაგროვებდი მაგის ფულს, ხელზე ჩემი ბენდენა დაუხვევია მიყურებს მე კი მისკენ ვიწევ ფეხი დამადგა მკერდზე და მიყურებს რაღაცას ამბობს ცხადია არ მესმის მაჩეტე თავ ზევით შემართა ძალიან მინდა თვალები დავხუჭო. დრო გაჩერდა სიბნელებ მომიცვა შემდეგ სპიშკებივით განათდა მგონი მორჩა ჩემი გალია ჩამომენგრა სიმძიმეს ვგრძნობ ტკივილი განახლდა ვერ ვყვირი, “დამშვიდდი დამშვიდდი” – მეუბნება ხმა “ყველაფერი კარგად იქნება გპირდები”

თავი V

თვალების გუგები დამძიმებული მაქვს, თითქოს ლოდები დამალაგეს სხეულს ვგრძნობ თუმცა თითქმის აღარ მტკივა.

  • რა მოხდა? – ვარჩევ ბექას ხმას.
  • ესეთი არაფერი მინახავს, ვიღაც მარაზმატიკმა ბებერმა ხელზე უკბინა ამ იდიოტმა კი ხელის მოჭრა სცადა, მეზობლებს ყვირილის ხმა რომ არ გაეგოთ სისხლისგან დაიცლებოდა. – პასუხობს კაცის აღშფოთებული ხმა.
  • შე იდიოტო – ბექა სკამზე ეხეთქება და ხელზე ხელს მკიდებს. თვალებს ვახელ ვერ ვხვდები რა ხდება პირი მიშრება. ცოცხალი ვარ? თუ ეს ჩემი ჯოჯოხეთია?
  • გამარჯობა – მიღიმის. – აპოკალიფსი არ იქნება დებილო ბიჭო, თუმცა ახლა უკვე ეშივით შეგიძლია ხელზე ბენზოხერხი დაიმაგრო, – ძალდატანებით იცინის ცალ ხელზე დარჩენილი თითებით ვბღუჯავ.
Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in მოთხრობებისნაირი and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to აპოკალიფსი იქნება

  1. ქეით, კარგია )))

    Like

  2. Tjorven-ჩორვენი ამბობს:

    :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) suuuper

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s