წამის მეასედი

ცეცხლი არს ერთი ოთხთა კავშირთაგანი, სუბუქი და უზეაღმავალეს(ნ)ი სხვათა, მწველობითი და განმანათლებელობითი, მჴურვალი და ჴმელი პირველსა დღესა დაბადებული შემოქმედისა მიერ. ხოლო ცეცხლი რა ტალკვესისაგან იშვების, ეწოდების წინწკალი; ხოლო რა ცეცხლი აღედვას, ანადენსა ეწოდების ალი და ზე აღნადენს(ა) წინწკალს(ა) – ნაბერწყალი; უკეთუ ცეცხლით მრავალ(ი) ნაბერწყალი გამო(ჰ)კრთა, ეწოდების ბურჯღული; ერთს(ა) ნაკვეთს(ა) ცეცხლისა(სა) – ნაკვერცხალი; ხოლო მრავალ ნაკვერცხალსა – ღველფი; ნაკვერცხალსა და ნაცარსა (ნაცართა B) აღრეულსა (აღრეულთა B) – ღადარი (ღადარა B); მცირესა ნაკვერცხალსა – დაკვლი, ნაკიდებთა შეშათა – მუგუზი; უკეთუ მთათა და ველთა ცეცხლი აღეგზნა – ხანძარი.

ალბათ გსმენიათ shc-ზე რაც ადამიანის სპონტანურად აალებას ნიშნავს, ანუ როდესაც ადამიანის სხეული აალდება და იწვის ყოველგვარი გარე სტიმულის გარეშე.

ამ საკითხით სწორედ მაშინ დავინტერესდი, როდესაც ჩემი ქვეყნის პარალელური სამყაროს შესახებ გავიგე. ცხადია არავინ დამიჯერა, რომ ჩემი თავისუფალი ბაზრიდან წამოღებული სარკე რომელიც უჯრაში ეტეოდა პარალელურ საქართველოში გადაიყვანდა ვინმეს, ბოლოს და ბოლოს სახის გარდა მის გამოსახულებაში არაფერი ჩანდა არათუ მთლიანი ადამიანი. დებილი კი არ ვარ, მშვენივრად მომეხსენება ეს მე თვითონაც უბრალოდ სწორად ვერ გამიგეს, საკმარისია ერთი მათთვის უცნაური რამ თქვა რომ ეგრევე გიჟად შეგრაცხავენ. ლაპარაკს როცა იწყებ ერთმანეთს ირონიული მზერით გადახედავენ და არ შეეკამათო ვერ არისო საფეთქელზე თითის დატრიალებით მიანიშნებენ.. ადამიანებს ეშინიათ მათი ვინც მათგან განსხვავდება. არასოდეს მდომნია თავი თეთრ ყვავად მეგრძნო, ნეტა რატომ წამოვიღე ის წყეული გაჭვარტლული და გაბზარული სარკე. იმ ბაზრობამდე მისასვლელად 4 კვარტალი ფეხით გავიარე როცა მივედი უკვე დაგვიანებული იყო ძირს დაფენილ პოლიეთილენის პარკებზე მხოლოდ ორიოდე უსარგებლო ნივთი დარჩენილიყო მე კი დამენანა მტკივანი ფეხით გავლილი 5 კილომეტრი, პირველივე რაც თვალში მომხვდა მოვკიდე ხელი და წამოვიღე.

ექიმი ამბობს რომ წერა შველის როდესაც შენ ნაწერებს გადაიკითხავ ადეკვატურობის მარცვალი იღვიძებს ვითომ ტვინში. იდიოტები! მშვენივრად შემიძლია თავი მოვაჩვენო ისე როგორც მათ სურთ მაგრამ აქ კარგად ვისვენებ ზედმეტი კითხვებით აღარ მაწუხებენ კვირაში ერთხელ ეზოშიც გავდივარ, დიდად არც მიყვარდა ქუჩაში გასვლა. ჩემი “კარის მეზობელს” ჭადრაკსაც ვეთამაშები ხოლმე თუმცა სულ ვაგებინებ რადგან ძალიან უხარია.

თემას გადავუხვიე. ადამიანის სპონტანური აალება… რას იტყოდით რომ გაგეგოთ შესაძლებელია არათუ ადამიანი, არამედ მთელი ქვეყანა აალდეს. მისგან უბრალოდ რუკაზე მოხაზული შავი ლაქა დარჩეს. გეცინებათ არა? კი არ გეცინებათ ცდილობთ სიცილი დამალოთ, ფხუკუნებთ ფაქტობრივად, თან ვითომ სერიოზულად მიქნევთ თავს, ყოველ შემთხვევაში ასეთი რეაქცია ჰქონდა ჩემ უახლოეს მეგობარს, რომელსაც გავანდე ბაზრობიდან წამოღებულ სარკეში ჩემი ორეული გავიცანი პარალელური საქართველოდანთქო. ჯერ ახარხარდა შემდეგ ჩემი ნაწყენ სახეს წააწყდა, რამდენიმე წუთი კიდევ მისმინე და წამოხტა, მიყვიროდა რომ ყელში ამოუვიდა ჩემი სიგიჟეები და რომ ამ სარკეში მე კი არა მისი ორი წლის დიშვილი ვერ გაეტეოდა. ვცდილობდი წყნარად ამეხსნა რომ არსად არ გავტეულვარ ის უბრალოდ სარკიდან მელაპარაკებოდა მაგრამ სულ ტყუილად, ჩანთას ხელი დასტაცა და სახლიდან გავარდა. სიმართლე რომ გითხრათ არ გამკვირვებია, არასოდეს გამოირჩეოდა მტკიცე ნერვებით. უჯრიდან სარკე ამოვიღე და ახალი ისტორიის მოსასმენად მოვემზადე.

სარა კონორი ღობეს უახლოვდება უყურებს როგორ თამაშობს პატარა ბავშვი მასთან ერთად ბაღში, უცებ რაღაც ფეთქდება ყველაფერი ცეცხლის ალში ეხვევა ადამიანებს წამის მეასედში ყლაპავს ალი, როგორც “მიშველე ოთახს” გოილის მიერ წარმოქმნილი გეენა ან ეგვიპტელებს ცეცხლის წვიმა. სწორედ ასეთი წარმომედგინა ის რაც პარალელურმა მემ მომიყვა. საქართველო დაემსგავსა საილენთ ჰილს, რომელიც ვერასოდეს აღსდგება ფენიქსივით საკუთარი ფერფლისგან! ნაცარში ჩაძირული ქვეყანა ტურისტების აღმოჩენად იქცა, თუმცა საზღვრები მალევე დაკეტეს რადგან არც ერთი ტურისტული ჯგუფი უკან არ დაბრუნდა. დედამიწა პანიკამ მოიცვა რადგან სხვადასხვა ქვეყნებში მასობრივად დაიწყო ადამიანების თვით აალება. ისე ქრებოდნენ თითქოს არც არსებულან შუაგულ კაფეში, პარკებში, სამსახურებში, კოლეგებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან ერთად უცებ ადამიანი შეშდებოდა ნელ-ნელა იცვლიდა ფერს წითელიდან გადადიოდა ნაცრისფერში და შემდეგ სკამზე, ბალახზე, ასფალტზე მხოლოდ ნაცრის გროვა რჩებოდა, ხალხში სრული ისტერია სუფევდა რადგან მათ იმ წამის მეასედშივე ავიწყდებოდათ ვინ დაიწვა მათ თვალწინ, ადამიანები ქრებოდნენ არა მხოლოდ ფიზიკურად არამედ მათი ახლობლების მეხსიერებიდანაც.

ათასობით ქვეყანაში ათასობით საქმე იყო გახსნილი, მიდიოდა უთვალავი გამოძიება იმის შესახებ თუ რა მოხდა. პარალელურმა მემ მითხრა არავინ იცოდა რომ ეს ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში გაფანტული ქართველები იყვნენო. საბოლოოდ მიხვდნენ რომ აალებული ქვეყანა და ადამიანები ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი თუმცა ვერავინ იხსენებდა რა ქვეყანა იყო შავი უდაბნოს ადგილზე.

საქართველო გაქრა.

***

სარკესთან ერთად ჩაძინებული კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა. ალბათ ჩემი მეგობარი მობრუნდა რომელიც მიხვდა რომ მართალი ვარ. ალბათ პატიებას მთხოვს მე კი დიდსულოვნად მივუტევებ და სარკეში მის პარალელურ მეს ვიპოვით. კარები წინასწარ დაყენებული სახით გავაღე, მაგრამ ხელში ორი თეთრებში ჩაცმული მუტრუკი დამხვდა მითხრეს, რომ იქ წამიყვანდნენ სადაც მე მოვრჩებოდი და ყველაფერი კარგად იქნებოდა. წინააღმდეგობა არ გამიწევია მე ხომ გიჟი არ ვარ. სადარბაზოსთან ჩემი მეგობარი იდგა მისი ტუჩების მოძრაობით მივხვდი პატიებას მთხოვდა ცხადია დიდი ხანია ვაპატიე.

***

პაციენტი N12 საავადმყოფოს ეზოში მდგარ პატარა ფანჩატურში პაციენტ N14 ჭადრაკს ეთამაშება. 14-ს უხარია რადგან 2 სვლაში შახს და მატს ეტყვის მოწინააღმდეგეს. 12-ი იღიმის უცებ სახე ეცვლება, რადგან ხედავს როგორც წითლდება მისი მეზობელი. წამის მეათასედში უკვე იცის ეს ყველაფერი როგორ დამთავრდება, წამის მემილიონედში ხვდება რომ სარკეში გაცნობილი მე სინამდვილეში პარალელური სულაც არ ყოფილა.

საავადმყოფოდან კივილი ისმის, ყველაფერი ერთმანეთში ირევა.

პაციენტი N12 მეზობლის ფერფლს უყურებს, თვალებს ხუჭავს და თავის ჯერს ელოდება რომელიც წამის მეასედში დადგება.

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in მოთხრობებისნაირი and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to წამის მეასედი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s