დემონები, რომელთაც ცუდი ქცევები ბრალდებათ


Guest პოსტი ჩარლიუსისგან

შუა საუკუნეების პერიოდში ყველგან დემონების დანახვას ცდილობდნენ, მათ აბრალებდნენ ყველანაირ უკეთურებას, რაც კი ხდებოდა. დემონებს მიიჩნევდნენ ძალებად, რომლებიც ყველგან იმყოფებოდნენ და ადამიანის ბუნებაში არსებული ყოველგვარი მანკიერების მიზეზი იყვნენ. ამ პერიოდში მცხოვრები დემონოლოგები მათ შესახებ მთელ ენციკლოპედიებს წერდნენ. მათ შორისაა სოლომონის მცირე გასაღები, კუდიანების კომპენდიუმი, საუცხოო ისტორია და დემონების იერარქია. ასეთი ლიტერატურის მიზანი იყო, მოეხდინათ დემონების კლასიფიკაცია და აღეწერათ მათი გავლენა ადამიანებზე. ქვემოთ აღწერილი დემონები იწვევენ სხვადასხვა დაავადებებსა და უბედურ შემთხვევებს, ასე რომ თუკი რომელიმე გადაგხდებათ თავს, გეცოდინებათ, ვისი ხელი ურევია :)


არდადი – დემონი, რომელიც მოგზაურებს საფრთხეში აგდებს
თუკი ოდესმე სადმე გამგზავრებულხართ და დასაბინავებელი ადგილის, რუკის, საჭირო წამლების, ოჯახის წევრების პოვნაში პრობლემები შეგქმნიათ, დიდი ალბათობით არდადის საკბილო გახდით. არდადი არც ისეთი ძლევამოსილი დემონია, ამიტომ მის მოვალეობაში შედის ადამიანების ცდუნება ისეთი რამის გასაკეთებლად, რასაც სხვა დროსაც ასე თუ ისე ხშირად აკეთებენ. ყველაზე ხშირად ადამიანს ურევს გონებას და განაწყობს რჩევა-დარიგებების წინააღმდეგ, უმხედრებს ახლობლებს, ასევე მიიჩნევა დიდ ქალაქებში GPS სისტემების წყობიდან გამოსვლის მიზეზად.


აგარესი – მიწისძვრა, ენაბილწობა და ღირსების გათელვა
საღამოს 9 საათია და თქვენ საქმიანი შეხვედრა გაქვთ თქვენი ოფისის ახალ თანამშრომლებთან. ყველანაირად მომზადებული აღებთ კარებს და შედიხართ ოთახში ჭიქა ყავით ხელში. ოთახი სავსეა და იქ მყოფნი ერთმანეთში საუბრობენ. მიდიხართ მაგიდასთან და მშვიდად ჯდებით, ამ დროს კი მოულოდნელად ახალ ტანისამოსზე შემთხვევით ცხელი ყავა გადაგესხმებათ და გამწარებული ხმამაღლა შეიგინებით. შემდეგ თავს ზემოთ სწევთ და ხვდებით, რომ ოთახში სრული სიჩუმეა. ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღეა, დაასაქმეთ, ამრეზით გიყურებენ ამ საქციელის გამო. გინდებათ, ადგეთ და სასწრაფოდ გაიქცეთ, მაგრამ ფეხები თითქოს იატაკს მიეყინა. ასეთ დროს ერთ-ერთი გამოსავალია, უთხრათ მათ, რომ ყავის გადასხმის დროს დემონ აგარესთან გქონდათ ბრძოლა და გინებაც მაგის შედეგია. :D აგარესი ჯოჯოხეთის დიდებული ჰერცოგია და დემონების 31 ლეგიონს მეთაურობს. მისი საყვარელი გასართობია ადამიანებისთვის პრესტიჟის შელახვა და უწმაწური სიტყვების სწავლება, შეუძლია გამოიწვიოს მიწისძვრაც.


ასტაროთი – პატივმოყვარეობა, სიზარმაცე და რაციონალიზაცია
იღვიძებთ 11:30 საათზე, სასტიკად გეზარებათ სამზარეულოში გასვლა საჭმლის მოსამზადებლად, ხსნით ლეპტოპს და დებთ საწოლთან, შემდეგ კი რეკავთ და რაიმეს უკვეთავთ. საუზმის მოტანამდე უყურებთ გრეის ანატომიას, რასაც მალე კურიერის ზარი გაწყვეტინებთ. შემდეგ რამდენიმე საათს ისევ ყურებაში და შიგადაშიგ ფიქრში ატარებთ, ხანდახან რომელიმე პერსონაჟის ადგილას წარმოიდგენთ თავს და ამასობაში საღამოს 6 საათიც დგება. აანალიზებთ განვლილ დღეს და თქვენ თავს ეუბნებით, რომ დღე მშვენივრად გაატარეთ, რადგან დატვირთული დღეების შემდეგ დასვენება დაიმსახურეთ. შემდეგ დღეს ისევ იგივე მეორდება, ამჯერად სხვა სერიალით.

თუკი ასეთი რამ გადაგხდენიათ თავს, ესეიგი დემონ ასტაროთის კლანჭებში მოხვედრილხართ, რომელიც ადამიანს აქეზებს სიზარმაცისკენ და მედიდურობისკენ რაციონალური მიზეზების მეშვეობით. თუმცა რატომღაც ის უძლურია გველების წინაშე, რაც კარგი სიახლეა მათთვის, ვისაც სახლში ანაკონდა ან პითონი ჰყავს. :) ასტაროთის შხამის წინააღმდეგ საუკეთესო წამალი არის ლოცვის მეშვეობით დახმარების თხოვნა მისი მტრისთვის, წმინდა ბართლომესთვის, რომელიც ძალას აძლევს ადამიანებს, დაძლიონ ასტაროთის ცდუნებები.


ოსე – შეშლილობის დემონი
განსაკუთრებული და საკმაოდ ძლიერი პრობლემა შეგექმნებათ იმ შემთხვევაში, თუკი ღამის დემონი ოსე თქვენს შეპყრობას გადაწყვეტს. ამ შემთხვევაში შეიძლება გეგონოთ, რომ ხართ მეფე, რომის პაპი ან რომელიმე ცხოველი. ასეთი შემთხვევების უმეტესობა მიიჩნევა სიგიჟის გამოვლინებად და დემონ ოსესაც სწორედ ეს სურს თავისი მსხვერპლისთვის – მიიჩნიონ ის გონებრივად ავადმყოფად. ოსე ჯოჯოხეთის ერთ-ერთი მმართველია და დემონთა 30 ლეგიონს ხელმძღვანელობს. თუკი მასთან პრობლემა შეგექმნებათ, დიდი ალბათობით ვერც გაიგებთ ამის შესახებ, რადგან მას შეუძლია, ადამიანის ფიქრები ისე შეატრიალოს, რომ ეს უკანასკნელი იმას ირწმუნებს, რასაც დემონი მოისურვებს.


სიტრი – უბიძგებს ადამიანს სიშიშვლისკენ
სიტრი აიძულებს ადამიანებს, სხვების თანდასწრებით გაიხადონ, რათა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და დასაცინი გახდნენ. ყოველი ადამიანისთვის, ვინც ბევრი დალია და სიმთვრალეში შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა, ან ყოველი გოგონასთვის, რომლებმაც სირცხვილი ჭამეს ახლადგაცნობილ ბიჭთან დაწოლის გამო, შეიძლება შვებისმომგვრელი იყოს იმის თქმა, რომ არის ვიღაც, ვისი დადანაშაულებაც და საქციელის გადაბრალება შეუძლიათ. “სოლომონის მცირე გასაღებში” სიტრი აღწერილია, როგორც ჯოჯოხეთის პრინცი, რომელიც მეთაურობს დემონთა 60 ლეგიონს. სიტრის ცდუნების საწინააღმდეგოდ ყველაზე კარგი საშუალებაა მაქსიმალურად ბევრი ტანისამოსის ჩაცმა სახლიდან გასვლის წინ და ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.


პრუფლასი – უთანხმოება, ჩხუბი და ტყუილი
თქვენ ურთიერთობაში ხართ და იმდენად ძლიერ გიყვართ, რომ მისთვის მზად ხართ, სიკვდილამდე იბრძოლოთ. დასაწყისში ერთადერთი გადასაწყვეტი რამ შეხვედრისა და ერთად სადილობის ადგილი იყო, შემდეგ ეს თემა შეიცვალა პიანინოს დადგმის ადგილით, როცა ერთად დაიწყეთ ცხოვრება. მალე მისგან წამოვიდა საყვედურები, რომ ძალიან სწრაფად ჭამთ, ხმამაღლა ლაპარაკობთ, მეგობრებთან დიდ დროს ატარებთ და ა.შ. წვრილმან საკითხებზე ჩხუბი და უთანხმოება აღარ მთავრდება. ყველა გეუბნებათ, რომ უმჯობესია ცალ-ცალკე იცხოვროთ, თქვენ კი ამის გაკეთება არ გსურთ. რეალობა ისაა, რომ ურთიერთობას ძველებური გემრიელი ეგზორციზმი სჭირდება. :)

როგორც დემონოლოგი იოჰან ვეიერი გვეუბნება “დემონების იერარქიაში”, პრუფლასი ჯოჯოხეთის ჰერცოგია და მის განკარგულებაშია დემონთა 6 ლეგიონი. ის უბიძგებს ადამიანებს სიცრუისკენ, კინკლაობისა და განხეთქილებისკენ. ასე რომ შეიძლება უნდობლობასა და ტყუილებში ადამიანი სულაც არაა დამნაშავე და ეს მხოლოდ პრუფლასის ოინებია. :)


ბელზებუბი – გაუმაძღრობის დემონი
როცა ბელზებუბი გებრძვის, იმით მიხვდები, რომ მაცივარი უკვე დააცარიელე და რისი შეჭმაც შეიძლებოდა, ყველაფერმა შენს მუცელში გადაინაცვლა. როცა მაკარონით, ყველითა და ქათმის ხორცით მოლხენა დაასრულე, იმაზე დაიწყე ფიქრი, რა კარგი იქნებოდა, გქონოდა ბანანი კრემითა და თხილით, რომ ამ ყველაფერზე დაგეყოლებინა. და ასეთი ქცევების მიუხედავად, მაინც გიჭირს იმის გარკვევა, რატომ ვერ იკლებ წონაში. შეიძლება ამ ყველაფრის მიზეზი ორსულობაც იყოს, მაგრამ ცხადია, ყოველთვის არა. უფრო სავარაუდოა, რომ ღორმუცელობის მფარველი დემონი, ბელზებუბი გიწამლავს სულს. ბელზებუბი ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი, ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დემონია. უფრო მეტიც, ბელზებუბი შედის სამ ყველაზე ცნობილ და ძლევამოსილ დაცემულ ანგელოზს შორის – მას მხოლოდ სატანა და ლევიათანი ჯობნიან. ხშირად იწვევს მკვლელობას ეჭვიანობის ნიადაგზე და აცდუნებს ადამიანებს ომის დაწყებისკენ, სხვა დროს კი მოკვდავებს მუცლის ამოვსებისკენ უბიძგებს.


ასმოდეი – ფიზიკური ლტოლვის დემონი
ბარის ერთ-ერთი ოფიციანტი საკმაოდ მიმზიდველი და სექსუალური გოგონაა და ასე მხოლოდ ალკოჰოლის გავლენის გამო არ ჩანს. შენ მას ზედმეტ ხურდას აძლევ და იმედი გაქვს, რომ მასთან საუბრის ან ნომრის გამორთმევის შესაძლებლობა მოგეცემა. პრობლემა იმაშია, რომ შენ ცოლიანი ხარ ან მინიმუმ დანიშნული. ოფიციანტის სხეულის ფორმები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგყვება ფიქრებში და საღამოობით ფანტაზიებიც მოგეძალება ხოლმე. ეს უცნაური სექსუალური სურვილები და ახალი გატაცება, რომელიც საკმაოდ ძლიერია, უკავშირდება ასმოდეის – ვნებისა და ლტოლვის სასიკვდილო ცოდვის მფარველ დემონს. ასმოდეი ჯოჯოხეთის მეფეა და ადამიანთა აღგზნება ადვილად გამოსდის. განსაკუთრებით ძლევამოსილი ის ნოემბრის თვეშია ხოლმე. საკმაოდ ადვილია მისი დაფრთხობა – ამისთვის საჭიროა ცხელ ნაკვერჩხლებზე თევზის გულისა და ღვიძლის დადება, მისი სუნი ასმოდეის განდევნის. ყოველ შემთხვევაში, ტობითის წიგნი ასე გვირჩევს.


ვერინი – მოუთმენლობის დემონი
სამუშაოს დამთავრების შემდეგ მიემართებით მანქანისკენ და ამ დროს გესალმებათ გარემოს დამცველი, რომელიც გარწმუნებთ, რომ ვეშაპებს გადარჩენა ესაჭიროებათ და ამისთვის თქვენი დახმარებაა საჭირო. თუმცა თქვენ ნაკლებად გადარდებთ ეს ამბავი, ართმევთ მას ბროშურას, მისი თანდასწრებით ხევთ და აღშფოთებული აქტივისტის წინ ნაგლეჯებს ძირს აგდებთ. მანქანის დაძვრისა და გზაზე გასვლის შემდეგ თქვენს წინ მიდის ხნიერი ადამიანი, რომელიც სიფრთხილის მიზნით ნელა მოძრაობს. მრავალჯერადი სიგნალი რომ მიზანს ვერ აღწევს, გადადიხართ საპირისპირო მხარეს გადასწრების მიზნით და თან უყვირით, რომ მისი ასაკის ადამიანებისთვის საჭესთან ჯდომა უნდა აიკრძალოს. მანქანას მშვიდობიანად აყენებთ და ახლომდებარე კაფეში შედიხართ. უკვეთავთ ლატეს 77 გრადუსზე ქაფის გარეშე, სანაცვლოდ კი იღებთ ცივ ლატეს, რომელსაც ქაფის მთა ფარავს. ცხელ გულზე სასმელს მიმტანს ესვრით, უკან იღებთ გადახდილ ფულს და უყვირით, რომ მისნაირი ადამიანი არაფერს იმსახურებს.

ასეთ დღეს თუ ნაცნობმა დაგინახათ, იფიქრებს, რომ რაღაც გჭირთ, ეს რაღაც კი დემონის, სახელად ვერინის ქმედებაა, რომელიც პასუხისმგებელია მოუთმენლობაზე. სებასტიან მიქაელისი “საუცხოო ისტორიაში” მასზე წერს, რომ ვერინი დემონთა პირველ იერარქიას ეკუთვნის. დემონთა ეს კლასიფიკაცია კი სებასტიანს გადაეცა დემონ ბაალ-ბერითისგან, როცა ერთ-ერთ მონაზონს ეგზორციზმის რიტუალს უტარებდა. ვერინის დამარცხებაში დაგეხმარებათ წმინდა დომენიკი.


ლუციფერი – ყველანაირი ბოროტების სათავე
რადგანაც მომაკვდინებელ ცოდვებზე ზრუნვა სხვა დემონებს გადაეცათ, ლუციფერი ძირითადად ამპარტავნების გაჩენას უწყობს ხელს. ეს ცოდვა ყველაზე მეტადაა ნაცნობი მისთვის, რადგან სიამაყის გამო უარი განაცხადა უზენაესის მორჩილებაზე და ზეციდან გამოძევდა. ლუციფერს საკუთარი თავი ყველაზე მეტად უყვარს. ჯერ კიდევ ანგელოზებში ყოფნისას ის მიიჩნეოდა გამორჩეულად და სხვებზე აღმატებულად. ღმერთისგან მას მიეცა უფლება, ემართა დედამიწა. ლუციფერის სიამაყემ სათავე დაუდო ომს ანგელოზებს შორის და როცა საბოლოოდ მთავარანგელოზმა მიქაელმა მოახერხა მისი დამარცხება, გადმოგდებულ იქნა მიწაზე და ეწოდა სატანა. მას თან მიჰყვა უამრავი ანგელოზი, რომლებიც იქცნენ დემონებად და იწვევენ სხვადასხვა უბედურ შემთხვევებს, აცდუნებენ ადამიანებს. ლუციფერი კი მათი მეფეა.

ჩვეულებრივ მოკვდავებს ლუციფერთან დაკავშირებით არაფერი აქვთ საფრთხილო, რადგან ამ უკანასკნელის საკბილოები ცნობილი ფიგურები არიან, რათა დედამიწაზე თავისი ძალაუფლება განიმტკიცოს. მისი გავლენა იგრძნობა რომის ტირანი მმართველების მეფობისას, ზოგიერთის აზრით კი ლუციფერის ქარიზმა თანამედროვე მსოფლიო ლიდერებსაც ეტყობათ.

About Charlius

Ideas are bulletproof, Mr. Anderson
This entry was posted in guest პოსტები, mystic and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to დემონები, რომელთაც ცუდი ქცევები ბრალდებათ

  1. ghost says:

    es yvelaferi sasacilo ggoniat?

    Like

  2. Green says:

    ასევე მიიჩნევა დიდ ქალაქებში GPS სისტემების წყობიდან გამოსვლის მიზეზად. :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))

    Like

  3. anna says:

    უიჰ
    მე სიშიშვლის და ფიზიკური ლტოლვის დემონები მებრძვიან :დ
    დამპლები მაგენი :დ

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s