მაგია, მეცნიერება და რელიგია (ბრონისლავ მალინოვსკი) ნაწილი #3

მაგია და გამოცდილება

აქამდე ძირითადად განვიხილავდით აბორიგენულ იდეებსა და მაგიურ წარმოდგენებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ველურებისთვის დამახასიათებელი უბრალო რწმენაა, რომ მაგია ადამიანს გარკვეულ საგნებზე მბრძანებლობის უნარს ანიჭებს. ახლა საჭიროა განვიხილოთ ეს შეხედულება დამკვირვებელ-სოციოლოგის თვალით. მოდით, ერთხელაც განვიხილოთ ისეთი ტიპური სიტუაცია, სადაც მაგიასთან გვექნება საქმე. ადამიანი თავისი პრაქტიკული საქმიანობისას დროდადრო გამოუვალ მდგომარეობაში ვარდება. მონადირეს ხელიდან უსხლტება ნადავლი, მეზღვაურს ქარის მიმართულება ეშლება, ოსტატი, კანოებს რომ ამზადებს, დარწმუნებული არ არის მასალის გამძლეობაში, ძალ-ღონით სავსე ადამიანი უეცრად ავად ხდება. რა უნდა ქნას ადამიანმა ასეთ მდგომარეობაში, თუკი მაგიას, რწმენასა და რიტუალებს გვერდზე გადავდებთ? მას დახმარებას ვერც ცოდნა და ვერც წარსულის გამოცდილება გაუწევს; ტექნიკურმა ჩვევებმაც უღალატეს. ადამიანი თავის უმწეობას გრძობს, მაგრამ სურვილებითაა შეპყრობილი, რომლებიც ძლიერდება, საზრუნავი, შიში და იმედები ქმნის შინაგან დაძაბულობას, რაც მოქმედებაში განტვირთვას მოითხოვს. ველურია ის თუ ცივილიზებული, ფლობს მაგიის ხელოვნებას თუ საერთოდ წარმოდგენაც კი არა აქვს მისი არსებობის შესახებ _ ადამიანი, რომელიც ასეთ სიტუაციაშია ჩავარდნილი, შეუძლებელია უმოქმედოდ, ანუ ისეთ მდგომარეობაში დარჩეს, რომლისკენაც დაბნეული გონება უბიძგებს. არადა, ნერვული სისტემა და მთელი სხეული მას მოქმედებისკენ მოუწოდებს, მოქმედებისაკენ, რომელსაც ძალუძს ჩაენაცვლოს წინა წარუმატებელ ქმედებას. მის ცნობიერებაში სასურველი მიზნის ხატი დომინირებს, თითქოს ხედავს და ეხება მას. თვით სხეული უკვე მოქმედებს და მისი ქმედება შეესაბამება იმას, რასაც იმედი ჰპირდება, რასაც საწადელი ვნება კარნახობს. უძლური მრისხანების ანდა დამაბრმავებელი სიძულვილის ტყვეობაში ჩავარდნილი ადამიანი მუშტებს შეკრავს და წარმოსახვით დარტყმებს აყენებს მტერს: იწყევლება, მრისხანებისა და სიბრაზის გამომხატველ სიტყვებს გაიძახის. ვნებითა და ჟინით აღვსილ შეყვარებულს, მისი უარმყოფელი ანდა მისთვის მიუწვდომელი ლამაზმანი წარმოესახება, იგი მუხლს იყრის მის წინაშე და კეთილგანწობას ევედრება, და როცა თავს მის რჩეულად აღიქვამს, სანუკვარი ოცნებებით მკერდში ჩაიკრავს. წარუმატებლობით გულდაწყვეტილი მეთევზე ან მონადირე, წარმოდგენებში ბადეში მოფართხალე ნადავლს ანდა შუბით განგმირულ ცხოველს ხედავს: ის იმეორებს მათ სახელებს, ცდილობს სიტყვებით გამოხატოს ოცნება ბრწყინვალე თევზაობაზე, ჟესტებითა და მიმიკით გამოსახავს თევზით დამძიმებულ სათხეველს. ღამით ტყეში ან ჯუნგლებში გზააბნეული ადამიანი ცრურწმენებით აღსავსე შიშით არის შეპყრობილი, გარშემო თავის მდევარ დემონებს ხედავს, მათ თავდასხმას რომ გადაურჩეს, ელაპარაკება კიდეც, ცდილობს რომ დააშინოს ანდა რაიმენაირად დაუსხლტეს ხელიდან თუნდაც იმ ცხოველის მსგავსად, სიცოცხლის შესანარჩუნებლად თავს რომ იმკვდარუნებს. მსგავსი რეაგირება სულის ამაფორიაქებელ ვნებებსა და დაუძლეველ სურვილებზე_ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანური არსების ბუნებრივი რეაქციაა. მათ საფუძვლად საერთო ფსიქოფიზიოლოგიური მექანიზმი უდევს. ისინი აღაგზნებენ იმას, რისთვისაც ქმედებაში ან სიტყვაში გამოხატული ემოციის გაგრძელება შეიძლებოდა დაგვერქმია: მუქარის ჟესტებსა და წყევლას სააშკარაოზე გამოაქვს უძლური მრისხანება, მიუწვდომელი, მაგრამ სანუკვარი მიზანი სპონტანური სახით წარმოგვიდგება, როდესაც პრაქტიკული მოქმედება უშედეგოა, შეყვარებულის ჟესტები იმ სინაზეს გამოხატავს, გამოსავალი რომ ვერ უნახავს და ა.შ. ყველა ამგვარი ქმედება და გრძნობათა გამოხატულება ადამიანებს სასურველი შედეგის ცნობიერებაში მიღწევის საშუალებას აძლევს, რაც მის ვნებებს გზას უხსნის და ჟესტებისა და სიტყვების საშუალებით იმას უახლოვებს, რაც სხვაგვარად მიუღწეველი იქნებოდა. მაგრამ რა ხდება ინტელექტში, როდესაც ემოციები უხვად იღვრება სიტყვებად და საქციელად, რისი რწმენა ყალიბდება ამ დროს? უპირველეს ყოვლისა, ცნობიერება სასურველი მიზნის, საძულველი მტრის, ბოროტი სულის მკაფიო ხატს აყალიბებს. ეს ხატი სპეციფიკურ ემოციურ შეფერილობას იძენს, რომელიც ცნობიერებას ინდუქციურად გამოუმუშავებს აქტიურ განწყობას ამ ხატის მიმართ. თუკი ვნება რაიმე კონკრეტულ ზღვარს აღწევს, როცა ადამიანი საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს, აქამდე შეკავებული ფსიქოფიზიოლოგიური დაძაბულობა სიტყვების ნაკადით და უგუნური საქციელით განიმუხტება. მაგრამ ეს მშფოთვარე აფეთქებაც მიზნის სახით აგრძელებს მოძრაობას. ეს ყველაფერი აძლიერებს რეაქციის მამოტივირებელ ძალას, გარკვეული სახით აწესრიგებს და ორიენტაციას აძლევს სიტყვებსა და საქციელებს. ამიტომ საქმიანობა, რომელიც მხოლოდ მაგივრობის გამწევია და რომელშიც ვნება უძლურების ნანგრევებისგან პოულობს გამოსავალს, სუბიექტურად ფლობს რეალური მოქმედების მთელ ღირებულებას, რომელიც იმ შემთვევაში განხორციელდებოდა, გადაულახავი ბარიერები რომ არ წარმოშობილიყო. როდესაც სიტუაცია განიმუხტება, რასაც სიტყვები და ჟესტები უწყობს ხელს,როდესაც აკვიატებული ზმანებები დამცხრალია, სასურველი მიზანი მოახლოებულად ან შეიძლება მიღწეულადაც კი ჩაითვალოს და ადამიანი ისევ გრძნობს სიცოცხლის ჰარმონიას. მას უჩნდება რწმენა, რომ წყევლამ და მრისხანების გამომხატველმა ჟესტებმა დაამარცხა მტერი სასიყვარულო ვედრება და წარმოსახვითი ჩახუტება უპასუხოდ არ დარჩენილა და გაღებულ ძალისხმევას, ძალ-ღონის ხარჯვას ამაოდ არ ჩაუვლია. რაკი განიცადა შიში და შემდეგ იძულებული იყო გაქცეულიყო ან სამკვდრო-სასიცოცხლოდ შებმოდა წარმოსახვით მტერს, იგრძნო რა შვება, ადამიანი თვლის, რომ სწორედ ამ საქციელმა იხსნა ის განსაცდელისგან. სიტყვების ნაკადში, სახეებსა და მოქმედებებში გამოხატული ძლიერი ემოციური განცდა, ბოლოს და ბოლოს რეალურობის ღრმა განცდას ტოვებს: ეს რწმენა იმაში გამოიხატება, რომ პრაქტიკულად მნიშვნელოვანი და სასურველი შედეგი იმ საიდუმლო ძალის წყალობით განხორციელდა, რომელიც ადამიანს უეცრად ზეგარდმო მიენიჭა. ჩნდება რწმენა იმისა, რომ ძალა, რომელიც ადამიანს ფიზიკური ან სულიერი ძალაუფლების დაპატრონების უნარს აძლევს, გარედან ენიჭება და პირველყოფილი ადამიანი, ისევე, როგორც ნებისმიერ დროში არსებული გულუბრყვილო და განუვითარებელი სუბიექტი, მიიჩნევს, რომ თითქოს ამ გარეთ არსებული და, უეჭველად, უპიროვნო ძალთა წყაროების გახსნის მიზეზი სწორედ მისი სპონტანური ქმედებები და მათი ეფექტურობის შინაგანი რწმენა გახდა. თუკი ამგვარ სპონტანურ ქმედებებსა და მეტყველების აქტებს, რომლებიც ზღვარ გადასული ვნებებით ან დაუკმაყოფილებელი სურვილებითაა გამოწვეული, შევადარებთ მაგიურ რიტუალებს, ჯადოქრული შელოცვების ფორმულებსა და მაგიურ წარმოდგენებში გამოყენებულ, ტრადიციულ საგნებს, მათი თვალში საცემი მსგავსება საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი და დამოკიდებულნი ერთმანეთზე. მაგიური რიტუალები, მაგიური ფორმულებისა და პრინციპების დიდი ნაწილი, ჯადოქრული ილეთები იმ ბობოქარი სიტუაციებიდან მომდინარეობს, რომლებიც ადამიანებს პრაქტიკული ცხოვრების ურთულეს სიტუაციებში განუცდიათ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი კულტურის არასრულფასოვნების გამო, წინ შეჩეხებულ კედელში ღრიჭოს პოვნის მცდელობისას გამოუვალ ჩიხში შედიან, როდესაც ცდილობენ დაძლიონ წინააღმდეგობა მძლავრ ცხოვრებისეულ ცდუნებებსა და ჩასაფრებული ბედისწერის მრისხანე საფრთხეებს შორის. ჩემი აზრით, აქ მაგიური რწმენის ერთ-ერთ უბრალო ფაქტორს კი არა, მის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს ვხვდებით. ჩვენ ვხედავთ, რომ მაგიური რწმენისა და პრაქტიკის საფუძვლები ჰაერიდან არ არის მოტანილი _ მათი საწყისი იმ განცდებშია საძებნელი, რომლებითაც აღსავსეა ცხოვრება, იმ გამოცდილებაში, რომლისგანაც ადამიანი დასახული მიზნის მიღწევის შესაძლებლობის რწმენას იძენს. ახლა ვიკითხოთ: როგორ მიმართებაში არიან ერთმანეთთან ამგვარი გამოცდილებიდან მიღებული იმედები და მათი რეალური განხორციელება? პირველყოფილ ადამიანს მაგიის უზომო პრეტენზიები შესაძლოა განხორციელებადაც მოსჩვენებოდა, მაგრამ როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ მათ ამდენი ხნის განმავლობაში არ დაუკარგავთ. ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე, გავიხსენოთ, პირველ რიგში, ის ცნობილი ფაქტი, რომ ადამიანის მეხსიერებაზე დადებითი მოვლენები ბევრად უფრო ღრმა კვალს ტოვებს, ვიდრე უარყოფითი. ერთი წარმატება ადვილად გადაწონის ყველა წარუმატებლობას. ამიტომ ის ცხოვრებისეული სიტუაციები, როდესაც მაგიურ რიტუალს წარმატება მოაქვს, თავისი მნიშვნელობით ავიწროებენ, აუფერულებენ ყველა სხვა შემთხვევას, როდესაც სასურველი მიზანი არ იყო მიღწეული. არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ადამიანს მაგიის რეალურ ძლევამოსილებაში უფრო მეტად არწმუნებენ. უკვე ვნახეთ, რომ მაგიური რიტუალი ადამიანის გარკვეული გამოცდილებიდან იღებს სათავეს. ის ადამიანი, ვინც პირველად გააცნობიერა ეს გამოცდილება და მის საფუძველზე შექმნა მაგიური რიტუალის ბირთვი _ შელოცვის ფორმულა, რომელმაც თანატოლებისთვის ამ ფორმულის გადაცემა შეძლო, მათ მეხსიერებაში გამტკიცებული რიტუალი ტრადიციად ქცეულიყო და რწმენის საგანი გამხდარიყო _ უეჭველად გენიოსი უნდა ყოფილიყო. ის ხალხი კი, რომელმაც აღიქვა მაგიური რიტუალი, დაეუფლა მას, მუდმივად ავითარებდა და ხვეწდა _ თუმცა თვითონ თვლიდა, რომ მხოლოდ ტრადიციას მისდევდა _ უეჭველად დიდი ინტელექტისა და სულიერი ენერგიის მქონე ერთობ საზრიანი იყო. ადვილი სავარაუდებელია, რომ ადამიანები, რომელთაც ასეთი თვისებები ჰქონდათ, სხვებზე უფრო ხშირად აღწევდნენ წარმატებას ყველაფერში, რისთვისაც ხელი არ უნდა მოეკიდათ. და მართლაც, დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ველურ საზოგადოებაში მაგია და გამორჩეული პირადი თვისებები ყოველთვის გვერდი-გვერდ არსებობს. არ არის გასაკვირი, რომ მაგიურ ხელოვნებას ყველაზე ხშირად იღბლიანები, ხელმარჯვე, მამაცი გულისა და ძლიერი ნებისყოფის ადამიანები ფლობენ. უეჭველია, რომ პირველყოფილი ადამიანის ცნობიერებაში სწორედაც რომ მაგია იყო მის წარმატებულ ქმედებათა მიზეზი. მაგის პირადი ავტორიტეტი და მისი მნიშვნელობა მაგიის რწმენის გაძლიერებაში საფუძვლად უდევს ერთ მეტად საინტერესო მოვლენას, რომლისთვისაც მაგიის შესახებ მოარული მითები შეიძლებოდა გვეწოდებინა. ყოველ ცნობილ მაგს გარს აკრავს შარავანდედი, რომელიც მისი წყევლის საოცარი ძალის, მის მიერ მაგიის საშუალებით ჩადენილი მკვლელობების, ნანადირევის და ნაალაფარის თუ სასიყვარულო გამარჯვებების შესახებ არსებული ამბებისგან შედგება. ყველა ველურ საზოგადოებაში მსგავსი ისტორიები მაგიურ რწმენათა ღერძს ქმნის. რაკი საზრდოობს ემოციური განცდებით, რომლებიც ყველა ადამიანისთვის საკუთარი გამოცდილებითაა ნაცნობი, ხმები მაგიური სასწაულების შესახებ, რომელიც ფართოდ ვრცელდება, ნებისმიერ ეჭვს თუ სკეპტიკურ გამოკიდებას შეუძლებელს ხდის. ყველა სახელგანთქმული მაგი, ტრადიციასთან წილნაყარობისა და წინამორბედებთან კავშირის პარალელურად, საკუთარ დიდებას ეყრდნობა, როგორც სასწაულმოქმედების გარანტს. ამიტომაც მითი წარსული საუკუნეების უსიცოცხლო მემკვიდრეობა კი არ არის, რომელიც კულტურაში მხოლოდ თავშესაქცევი მოთხრობის სახით არსებობს. ეს ის ცოცხალი ძალაა, მუდმივად ახალ მოვლენებს რომ იწვევს და მაგიას მისი ძლიერების ახალ-ახალი მტკიცებულებებით მოსავს. მაგია ბრუნავს წარსული ტრადიციის დიდებაში, მაგრამ ის ყოველთვის მითის თვითგანახლებადი ატმოსფეროთია გარემოცული. წარსულის შესახებ მითიურ გადმოცემათა ნაკადი მუდმივად ერწყმის იმ მონათხრობებს, რომლებიც მოცემული ტომის ფოლკლორს წარმოქმნიან. მაგია ხიდია პირველყოფილი ხელოვნების ოქროს ხანასა და მის თანამედროვე სასწაულმოქმედ ძალას შორის. ამიტომაც მისი ფორმულები გამსჭვალულია მისტიკური ილუზი ებით, რომელთა წარმოთქმაც მკვდრეთით აღადგენს წარსულის ძალებს და გადმოისვრის აწმყოში. ყველაფერი ეს საშუალებას გვაძლევს ახლებურად დავინახოთ მითების როლი და მნიშვნელობა. მითი არ არის სამყაროს საწყისის შესახებ პირველყოფილი წარმოდგენების კრებული, რომელსაც წმინდა ფილოსოფიური სარჩული აქვს. იგი ასევე არ არის ბუნებაზე დაკვირვევების ან მისი კანონების გარკვეული სიმბოლური განზოგადების შედეგი. მითი წარმოჩინდება, როგორც რაიმე მოვლენის შესახებ ისტორიულად ჩამოყალიბებული მსჯელობა, რომლის თვით არსებობაც კი ერთხელ და სამუდამოდ, რომელიმე მაგიური მოქმედების სასარგებლოდ მეტყველებს. ხანდახან მითი სხვა არაფერია, თუ არა მაგიურ საიდუმლოებათა ფიქსაცია, რომელიც საწყისს იმ პირველი ადამიანისგან ღებულობს, რომელსაც ეს საიდუმლოება რაიმე ნიშანდობლივი შემ- თხვევის საშუალებით გაეხსნა. უფრო ხშირად მითი უბრალოდ მოგვითხრობს, როგორ გაიხსნა გარკვეული მაგიური საიდუმლოება რომელიმე გვარის, ტომის ან ოჯახური კლანისათვის. მაგ რამ ნებისმიერ შემთხვევაში, მითი მაგიური საიდუმლოების, მისი გენეოლოგიის, ადამიან- თა ცნობიერებაზე მისი უფლებების ქარტიის გარანტად გვევლინება. უკვე ვთქვით, რომ მითი ბუნებრივი შედეგია ადამიანის რწმენისა, რომ ნებისმიერ ძალაუფლებას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, არსებობს ის მოქმედი ძალა, რომლის გამოყენებაც მხოლოდ რწმენითაა შესა- ძლებელი. ყველა რწმენას აქვს თავისი მითოლოგია, რამეთუ არ არსებობს რწმე ნა სასწაულის გარეშე, მითი კი, ძირითადად, უბრალოდ გადმოგვცემს რაღაც პირველ სასწაულს, რომელიც მაგიის წყალობით განხორციელდა. დასასრულ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მითი შეიძლება დაკავშირებული იყოს არა მარტო მაგიასთან, არამედ სოციალური ძალის ან ძალაუფლებისადმი სოციალური მიზიდულობის ნებისმიერ ფორმასთან. მითს ყოველთვის მიმართავენ მაშინ, როცა უნდათ რაიმე განსაკუთრებული პრივილეგიის ან მოვალეობების, თვალშისაცემი სოციალური უთანასწორობის, სხვადასხვა რანგობრივი განსხვავების დამკვიდრება. რელიგიური რწმენა და რელიგიური შეგონებების ძალაც მითოლოგიური მონათხრობებიდან მომდინარეობს. მაგრამ რელიგიური მითი მეტწილად ნათლად გამოხატული რაიმე დოგმაა, მაგალითად, სამყაროს შექმნის ან რომელიმე ღვთაების ხასიათის შესახებ არსებული მონათხრობი, რომელსაც ზოგ შემთხვევაში ლიტერატურული ფორმაც კი აქვს. სოციალური მითი, განსაკუთრებით პირველყოფილ კულტურებში, როგორც წესი, მაგიური ძალის წარმომავლობის შესახებ არსებულ ლეგენდებთან არის გადაჯაჭვული. გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ პირველყოფილი საზოგადოებებისათვის მეტნაკლებად ტიპური და ყველაზე დახვეწილი მითოლოგია _ მაგიის მითოლოგიაა. მითის ფუნქცია არის არა ახსნა, არამედ დადასტურება, არა ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, არამედ ძალისათვის დამაჯერებლობის მინიჭება სხვადასხვა რწმენის, საზრისის ერთმანეთთან დაკავ- შირება, მოვლენათა უწყვეტ მდინარებაში მათი ჩართვა. კულტსა და მითს შორის არსებული ღრმა კავშირი, მითის პრაგმატული ფუნქცია, რომელიც რწმენის გაძლიერებას ემსახურება, მითის ეტიოლოგიური და ექსპლანატივისტური თეორიების მიერ იმდენად დიდი ხნის მანძილზე იყო იგნორირებული, რომ ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით უნდა ვისაუბროთ.

მაგია და მეცნიერება

ჩვენ ერთგვარი გადახვევა მოგვიხდა მითოლოგიის თემაზე, რამდენადაც დავადგინეთ, რომ მითი ჯადოქრობის რეალური ან წარმოსახვითი წარმატების შედეგად იბადება. მაგრამ ჯადოქრობა ხომ ზოგჯერ წარუმატებლადაც მთავრდება? თავისი მნიშვნელოვნების მიუხედავად, რომელსაც მაგია ღრმა რწმენასთან ერთად მწველი სურვილისა და ვნებიანი გრძნობების განმასახიერებელი რიტუალის სპონტანურობას უმადლის და ამასთან ერთად, იმ უზარმაზარი ძალის მიუხედავად, რომელსაც მას ანიჭებს როგორც თავად მაგის, ასევე მაგიური რიტუალის მონაწილის პირადი ავტორიტეტი, სოციალური ძალაუფლება და წარმატება _ მაგია მაინც არ არის დაზღვეული წარუმატებლობისა და ჩავარდნებისაგან. და თუკი დავუშვებდით, რომ ისინი მოსალოდნელ წარუმატებლობას ვერ აცნობიერებდნენ ან არ შეეძლოთ სათანადო დასკვნების გამოტანა, ეს ჩვენი მხრიდან იქნებოდა ველურთა ინტელექტის, ლოგიკისა და გამოცდილების არასერიოზული შეფასება. უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ მაგია თავისი ეფექტურობის მკაცრი პირობებითაა შეზღუდული: მაგისთვის სავალდებულოა ჯადოქრული ფორმულის ზუსტი კვლავწარმოება, რიტუალის უნაკლო სრულყოფილებით შესრულება, ტაბუსა და რიტუალის ცერემონიის ხელშეუხებლად დაცვა. თუკი ამ პირობათაგან ერთ-ერთი მაინც არ სრულდება, მაგია წარუმატებლობისთვისაა განწირული. მაგრამ მაშინაც კი, როცა რიტუალი სრულყოფილად სრულდება, სასურველი შედეგი მაინც არ არის გარანტირებული. საქმე ისაა, რომ ყოველგვარ მაგიას შეიძლება მოეძებნოს კონტრმაგია. როგორც ჩვენ ვაჩვენეთ, თუკი მაგია ადამიანთა უკიდეგანო სურვილების დამაკავშირებელია შემთხვევითობის თვითნებურ თამაშთან, მაშინ გასაგებია, რომ ყველა სურვილს, როგორც პოზიტიურს, ასევე ნეგატიურს, შეიძლება და უნდა გააჩნდეს კიდეც შესაბამისი მაგია. ცხოვრება ისეთი რამაა, რომ ყველა სოციალურ და საყოფაცხოვრებო სწრაფვაში, ფორტუნის კეთილგანწყობისა და ბედნიერების მოპოვების ნებისმიერი მცდელობისას ადამიანს არ შეუძლია ანგარიში არ გაუწიოს მის მსგავს არსებათა მეტოქეობას, შურსა და სიავეს. იღბალი, ქონება, ჯანმრთელობაც კი _ ყველაფერი ეს შედარებითად აღქმადია. თუკი თქვენი მეზობელი მეტ პირუტყვს, მეტ ქალს, მეტ ძალაუფლებას ფლობს, მაშინ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გეუფლებათ არა მარტო თქვენი ქონების, არამედ საკუთარი თავის მიმართაც. ასეთია ადამიანის ბუნება; ხშირად მას საკუთარ წარმატებაზე მეტად სხვისთვის ხელის შეშლა აკმაყოფილებს. სურვილებისა და კონტრსურვილების, ამბიციის და ღვარძლის, წარმატებისა და შურის ამ სოციალურად განპირობებულ თამაშს მაგიის და კონტრმაგიის ანუ თეთრი და შავი მაგიების თამაში შეესაბამება. მელანეზიაში, სადაც მე, პირველ რიგში სწორედ ამ პრობლემით ვიყავი დაკავებული, აბორიგენთა უკლებლივ ყველა მაგიურ ქმედებას თან ახლავს მყარი რწმენა იმისა, რომ არსებობს უკუქმედებაც; და თუკი ეს უკუქმედება აღმატებული ძალის მქონეა, მაგის მთელი გაწეული შრომის `წყალში გადაყრაც~ შეუძლია. მაგიის ზოგიერთ სახეში, მაგალითად, სამკურნალო მაგიაში, შელოცვისა და კონტრშელოცვის ფორმულები მუდამ ერთდროულად არსებობს. ჯადოქარი, იმ მაგიური რიტუალის ტექნიკის შესწავლის პარალელურად, რომლის საშუალებითაც რაიმე დაავადების გამოწვევას შეძლებს, სწავლობს ფორმულას და რიტუალს, რომლებსაც ბოროტი მაგიის მოქმედების სრული ანულირება შეუძლიათ. სასიყვარულო მაგიაში არსებობს არა მარტო იმის რწმენა, რომ სატრფოს გული მისკენ მიმართული ორი შელოცვიდან უფრო ძლიერს გამოეხმაურება, არამედ აგრეთვე ითვლება, რომ შელოცვის დახმარებით უკვე არსებულ სასიყვარულო ურთიერთობათა შეცვლაც შეიძლება, მაგალითად, შესაძლებელია ცოლს ქმარი შეაძულო. ძნელია იმის თქმა, ტრობრიანდის კუნძულების1 გარდა, დანარჩენ მსოფლიოშიც აღინიშნება თუ არა მაგიის ამგვარი ორმხრივობა, მაგრამ ფაქტია, რომ დაპირისპირებული _ შავი და თეთრი, დადებითი და უარყოფითი ძალები ყველგან შეიმჩნევა. ამიტომაც მაგიის წარუმატებლობა შეიძლება მეხსიერების შეცდომას, დაუდევრად ჩატარებულ რიტუალს, ტაბუს დარღვევას მიეწეროს, ამასთანავე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, წარუმატებლობა შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ ვიღაც სხვამ რაიმე კონტრმაგიული რიტუალი შეასრულა. ახლა ჩვენ უფრო ვრცლად შეგვიძლია მაგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართების დახასიათება. . . მაგია მეცნიერებას იმ აზრით ენათესავება, რომ ერთიც და მეორეც გარკვეული მიზნისაკენაა მიმართული. ეს ის მიზნებია, რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის ბუნებასთან, მოთხოვნილებებთან და მისწრაფებებთან. მაგიური ხელოვნება პრაქტიკული მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული. ისევე, როგორც სხვა ხელოვნებები და პრაქტიკული საქმიანობები, ისიც ემორჩილება მრავალ პრინციპს, რომლებიც ყალიბდებიან გარკვეულ სისტემად და ადამიანს ქმედებათა იმ ხერხს კარნახობენ, რომელიც ყველაზე ეფექტურად ითვლება. პრინციპთა ასეთი სისტემის აღმოჩენა შესაძლებელია მაგიური რიტუალების, ჯადოქრული შელოცვებისა და მაგის არსენალის შემადგენელი საგნების ანალიზისას. მაგიას, ისევე როგორც მეცნიერებას, საკუთარი ტექნიკური გაფორმება აქვს. ადამიანმა, რომელმაც მაგიას მიმართა, შეცდომის გამო ჩანაფიქრი შეიძლება ვერ განახორციელოს, მაგრამ მას შეცდომის გამოსწორებაც შეუძლია, როგორც ეს სხვა ხელოვნებებშიც ხდება. სხვა საქმეა, რომ მაგიაში შავისა და თეთრის რაოდენობრივ თანაფარდობას ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ჯადოქრობის შედეგების აღმოფხვრა აქ გაცილებით ადვილი შესაძლებელია, ვიდრე ნებისმიერ სხვა პრაქტიკულ ხელოვნებასა თუ ხელობაში. ასე რომ, მაგიასა და მეცნიერებას შორის გარკვეული მსგავსება არსებობს და ჩვენც, ჯეიმს ფრეზერის მსგავსად, უფლება გვაქვს მაგიას ფსევდომეცნიერება ვუწოდოთ. რთული არ უნდა იყოს იმის გარკვევა, რაში მდგომარეობს ამ ფსევდომეცნიერების სიყალბე. ნამდვილი მეცნიერება, თვით ჩანასახის მდგომარეობაშიც კი, ანუ პირველყოფილი ადამიანების პრიმიტიული ცოდნა, ადამიანის ცხოვრების ყოველდღიურ უნივერსალურ გამოცდილებას ეყრდნობა, აგრეთვე იმ გამარჯვებებს, რომლებსაც ადამიანი მოიპოვებს ბუნებასთან საკუთარი არსებობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში. იმ დაკვირვებებს, რომლებიც შემდეგ რაციონალურ გამოყენებას პოულობენ, მაგია განსაკუთრებული ემოციური მდგომარეობების სპეციფიკურ გამოცდილებაზე ფუძნდება. ეს ის ემოციური მდგომარეობაა, როცა ადამიანი ბუნებას კი არა, საკუთარ თავს აკვირდება, როცა ჭეშმარიტება გონებით კი არ მიიღწევა, იგი გრძნობათა იმ ჭიდილში საცნაურდება, რომლებითაც ადამიანია შეპყრობილი. მეცნიერება გამოცდილების უნივერსალურ მნიშვნელობაზე, პრაქტიკულ გარჯასა და გონებაზეა დაფუძნებული; მაგია _ იმის რწმენაზე, რომ ადამიანის იმედის განუხორციელებლობა და სურვილის დაუკმაყოფილებლობა შეუძლებელია. შემეცნების თეორიაში ცენტრალური ადგილი ლოგიკას აქვს დათმობილი, მაგიის თეორიაში _ შიშველი სურვილების ზემოქმედების ქვეშ მყოფ იდეათა ასოციაციებს. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ რაციონალური და მაგიური ცოდნის დარგები განსხვავებულ კულტურულ ტრადიციებს, განსხვავებულ სოციალურ პირობებსა და საქმიანობის სხვადსხვა ტიპებს მიეკუთვნება. უნდა ითქვას, რომ ეს განსხვავებები პირველყოფილი საზოგადოების ხალხებს ბოლომდე ჰქონდა გაცნობიერებული. რაციონალური ცოდნა გაუნდობლებისთვისაცაა ხელმისაწვდომი, მაგიური კი საკრალურის სფეროში შედის, მისი მოპოვება რიტუალის საიდუმლოსთან ზიარებასა და ტაბუს შესრულებას მოითხოვს.

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი, mystic and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to მაგია, მეცნიერება და რელიგია (ბრონისლავ მალინოვსკი) ნაწილი #3

  1. DISCIPLINE says:

    ateisturadaa gadawyvetili. ar jera avtors magiis.
    mokled, malinovski am postis mixedvit tvlis, rom adamianis warmosaxvashi magiis warmatebis erti shemtxveva gadawonis warumateblobis bevr shemtxvevas, rac magiis realurobis shtabechdilebas tovebs. mitumetes, rom mis shemsruleblebs warumateblobis gamartleba ritualis arasworad shesrulebis, tabus dargvevis an vigacis mier sapirispiro shelocvebis dashvebit sheudzliat. tan xalxshi magia asocirdeba magtan, romelic rogorc wesi gamorcheuli adamiania da magiis statusi amit iwevs.
    ertaderti, rasac es kaci magias dadebitad miawers aris uaryofiti emociebisgan dacla da warmosaxviti kmayofilebis sheqmna. e. i. magias realurad moaqvs garkveuli siamovneba…

    me kidev dzlieri azris dzalis, azrebis koncentraciis dzalis mjera. ai magalitad: gvalvashi uamravi adamiani rom sheikribos da yvela adamianma koncentracia moaxdinos wvimis wamosvlaze, martla wamova wvima. dzveli ritualebic adamianebs am azrebis mizanze koncentraciashi exmarebodnen da tu azris intensivoba da dzala sakmarisi iyo am mizans agwevdnen… (me ase mgonia yovel shemtxvevashi) : )

    Kate_AlukaЯD, am temebshi, razec postav, dzirfesvianad erkvevi da mere awebeb temebs, tu ubralod statiebs targmni?
    magari postebi gaqvs!

    Like

    • ძირესვიანად ვერკვევი თქო ვერ ვიტყვი მაგრამ მაინტერესებს ვცდილობ გავერკვე. მიყვარს მისტიკა თან ძალიან. უბრალოდ სტატიები არ არის ეს ჩემთვის უფრო მეტია :) მადლობა :*:*

      კონცენტრაცია… და რწმენაა სასწაული რაღაცა

      Like

      • DISCIPLINE says:

        egre gaagrdzele! : ) didi postebia, magram saintereso! sxvebsac wavikitxav…

        azrebis koncentraciasac, ra tqma unda rwmenis gareshe azri ar aqvs. rwmena didi dzalaa : )

        Like

        • რწმენა ყველაზე დიდი ძალაა ჩემის აზრით.. დიდი მადლობა ეგრე გავაგრძელებ :)

          Like

  2. Giganti says:

    uh amis wamkitxavi namdvilad ar var :D ise minda avgnishno rom wera namdvilad ar gezareba :D

    Like

  3. პრახტზეც დაწერე მერე რამე ;)

    პ.ს.

    დათაგვა რა უბედურებაა?

    Like

    • tu movipove davcer :d datagva aris roca ragaca posts cer da im temaze sxvamac ginda rom daceros. xoda tagav konkretul adamians da isic cers amaze posts xoda mere ese iqmneba jachvi is kide sxvas datagavs da ase shemdeg :P

      Like

  4. LiLaC says:

    am posTTan ki arafer shuashia, magram gacnobeb rom, daTagul iqmen.. : D

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s