მაგია, მეცნიერება და რელიგია (ბრონისლავ მალინოვსკი) ნაწილი #2

მაგიის ტრადიცია

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ტრადიცია, რომელიც პირველყოფილ საზოგადოება- შია გაბატონებული, თავის კონცენტრირებულ გამოვლინებას მაგიურ რიტუალსა და კულტში იძენს. ყოველთვის, როცა საუბარია რამდენადმე მნიშვნელოვან მაგიურ ქმედებაზე, მაშინვე ვაწყდებით რაიმე ისტორიას, რომელიც ხსნის ამ ქმედების არსებობას. როგორც წესი, ეს ამბავი მოგვითხრობს იმის შესახებ, როგორ გახდა ესა თუ ის მაგიური რიტუალი ადამიანთა რომელიმე ერთობის, ტომის, ოჯახისა თუ გვარის ყოფის ნაწილი. მაგრამ ეს მონათხრობები არასდროს მიგვითითებს იმ წყაროზე, საიდანაც შეიძლება `წარმოშობილიყო~ მაგია; ასეთი წყარო არ არსებობს _ მაგია არც შექმნილია და არც გამოგონილი. ყველანაირი მაგია თავიდანვე იყო ადამიანის სასიცოცხლო ინტერესების სფეროში შემავალი ყველა საგნისა თუ პროცესის არსებითი დამატება, თუმცაღა ყოველთვის რჩებოდა მისი ჩვეულებრივი გონებრივი შესაძლებლობების ზღვარს მიღმა. ჯადოქრობა, მაგიური რიტუალი და ის მიზანი, რის მიღწევასაც ისინი ემსახურებიან, ყოველთვის ერთდროულად არსებობენ. მაგალითად, ცენტრალური ავსტრალიის აბორიგენებში ყველა მაგიური რიტუალი ალკერინგას (ალცჰერინგა) დროიდან არსებობს. აქედანვე იღებს სათავეს მათი ყოფის ყველა სხვა დანარჩენი ელემენტი; მელანეზიის აბორიგენებში, მაგიის ისტორია იწყება მათი გამოქვაბულში ცხოვრების დროიდან, როდესაც მაგია გვაროვნული წყობილების ადამიანისთვის სრულიად ბუნებრივი ცოდნა იყო. უფრო მაღალგანვითარებულ საზოგადოებებში მაგიის წყაროებად სულებს და დემონებს ასახელებენ, მაგრამ ეს ძალებიც, როგორც წესი, მაგიის გამომგონებლები კი არა, მისი მხოლოდ კარგად ამთვისებლები იყვნენ. ასე რომ, მაგიის დასაბამიდანვე არსებობის რწმენა შეიძლება უნივერსალურად ჩაითვალოს. ამ რწმენას თან ახლავს რწმენა იმისა, რომ სწორედ მისი აბსოლუტური უცვლელობის გამო, იმის წყალობით, რომ იგი გადაეცემა თაობიდან თაობას მცირედი დამახინჯების ან დამატებების გარეშე, მაგია ინარჩუნებს თავის ქმედუნარიანობას. საწყისი და სამუდამოდ დადგენილი ნიმუშისაგან იოტისოდენა გადახრაც კი დამღუპველია მაგიისთვის. ამას უკავშირდება არსებითი კავშირის იდეა, რომელიც თავს იჩენს მაგიურ რიტუალსა და იმ ობიექტს შორის, რომლისკენაც არის იგი მიმართული. მაგია სხვა არაფერია, თუ არა ობიექტის თვისება, უფრო ზუსტად, ეს არის ურთიერთობები ამ ობიექტსა და ადამიანს შორის _ ურთიერთობები, რომლებსაც ადამიანი არ ქმნის, მაგრამ ადამიანისთვის არსებობს. რომელი ტრადიცია ან მითოლოგიაც არ უნდა განვიხილოთ, ყველგან შევხვდებით რწმენას, რომ მაგია ყოველთვის ემსახურებოდა ადამიანთა მიზნებს და არსებობდა მისი (ან რაიმე ადამიანის მსგავსი არსების) ცოდნის წყალობით. ეს ერთნაირად ეხება როგორც ყველაზე გამოჩენილ მაგს, ასევე საშუალებებს, რომლებსაც იგი ჯადოქრობისთვის იყენებს და თითქმის ყველა ობიექტს, რომლებისკენაცაა მიმართული მაგია. პირველყოფილ კაცობრიობას _ იქნებოდა ეს ავსტრალიური მურა-მურა თუ ალკერინგა, მელანეზიის გამოქვაბულის ტომები თუ მაგიური ოქროს ხანის _ დროინდელი დედამიწის მოსახლეობა _ თავიდანვე ჰქონია მაგია თავის კულტურულ არსენალში. მაგია უბრალოდ კი არ ხორციელდება ადამიანის მიერ, არამედ ადამიანურია თავისი მისწრაფებების გამო: მაგიური ქმედებები, როგორც წესი, ადამიანის პრაქტიკულ საქმიანობასა და მდგომარეობას _ ნადირობას, თევზაობას, მიწათმოქმედებას, ვაჭრობას, სიყვარულს, ავადმყოფობას და სიკვდილს ესადაგება. მაგიის ობიექტია არა თვით ბუნება, არამედ მასთან ადამიანის მიმართება და ბუნებრივი ობიექტებით ადამიანური ქმედებების განხორციელება. უფრო მეტიც, მაგიურ მოქმედებათა შედეგები, როგორც წესი, იმად კი არ აღიქმება, რასაც გვაძლევს ბუნება ჯადოქრული შელოცვების გავლენით, არამედ როგორც რაღაც საკუთრივ მაგიური, რისი გაკეთება თავად ბუნებას არ შეუძლია, რაც მხოლოდ მაგიის ძალას ემორჩილება. ამიტომ მაგია ბუნებაზე დაკვირვებით ან მისი კანონების ცოდნით არ მიიღება. იგი ადამიანის თვითნაბადი საკუთრებაა, რომლის საყრდენიც კულტურული ტრადიციაა და განსაკუთრებული, დამოუკიდებელი ძალის არსებობას ამტკიცებს, რისი წყალობითაც ადამიანს თავისი მიზნების განხორციელება შეუძლია. აქედან გამომდინარე, მაგიური ძალა ყოფიერების უნივერსუმში კი არ არის განფენილი (გაფანტული), არამედ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. მაგია _ ესაა სპეციფიური და უნიკალური ძალა, რომელიც ეკუთვნის მხოლოდ ადამიანს და მჟღავნდება მხოლოდ მაგიურ ხელოვნებაში, ადამიანის ხმით გადმოედინება და რიტუალის ჯადოსნური ძალით გადაიცემა. აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ადამიანის სხეული, როგორც მაგიური ძალის ჭურჭელი და გამტარი, რომლის საშუალებითაც ეს ძალა გადადის სხვა საგნებზე, იძულებულია სხვადასხვა პირობებს დაექვემდებაროს. ამიტომ მაგი ვალდებულია ყველანაირი ტაბუ დაიცვას, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯადოქრობამ შეიძლება ფუჭად ჩაიაროს. ეს აზრი განსაკუთრებით გავრცელებულია ზოგიერთ პირველყოფილ საზოგადოებაში, მაგალითად, მელანეზიაში, სადაც აბორიგენებს მიაჩნიათ, რომ ვერშემდგარი ჯადო მაგის მუცელში რჩება, რომელიც არა მარტო ადამიანის საკვების, არამედ მეხსიერების სათავსიცაა. როცა აუცილებელია, ჯადოსნურ ძალას თავმოყრა შეუძლია, ხორხში სადაც მოთავსებულია გონება და საიდანაც იგი გადმოედინება ხმის _ ადამიანის სულის მთავარი ორგანოს საშუალებით. ამგვარად, მაგია ადამიანის არა მხოლოდ არსობრივი მონაპოვარია, არამედ პირდაპირი გაგებით იმყოფება მასში ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთში და მისი გადაცემა ადამიანისაგან ადამიანისთვის შესაძლებელია მხოლოდ საიდუმლოს განდობის, მემკვიდრეობით გადაცემისა და სწავლების უმკაცრესი წესების დაცვით. ამიტომ პირველყოფილ კულტურაში მაგიური ძალა არასოდეს ითვლებოდა რაღაც ბუნებრივ ძალად, რომელიც ბუნებრივი ობიექტებისთვისაა დამახასიათებელი და ადამიანის გარეშე და მისგან დამოუკიდებლად მოქმედებს, ძალად, რომელიც შეიძლება ამოცნობილი და გაგებული ყოფილიყო რომელიმე იმ რიგითი ხერხით, რომლითაც ადამიანი ბუნების შესახებ იძენს ცოდნას.

მანა და მაგიური შესაძლებლობა

ცხადია, თუკი ჩვენი ზემოთ მოყვანილი მსჯელობები ჭეშმარიტია, მაშინ ყველა თეორია და კონცეფცია, რომელთა მიხედვითაც მაგიის საფუძველში ძევს ის, რასაც ისინი მანა-ს უწოდებენ, მცდარი იქნება. თუკი ვამტკიცებთ, რომ ეს ძალა მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, იგი ამ ძალას მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში მოიპოვებს და მისი გამოყენება მხოლოდ დადგენილი ტრადიციის ფარგლებში შეუძლია, მაშინ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია დავეთანხმოთ დოქტორ კოდრინგტონს, რომელიც ამ ძალას შემდეგნაირად აგვიღწერს: `მანა არაფერში არ არის კონცენტრირებული და შეუძლია ნებისმიერ რამეში გადასვლა~. მანა აგრეთვე `ყველანაირი ხერხით მოქმედებს სასიკეთოდ ან სამტროდ. . . არსებობს ფიზიკურ ან სხვა რომელიმე ძალაში, და აგრეთვე, ადამიანისთვის დამახასიათებელ ნებისმიერ უნარსა თუ განმასხვავებელ თვისებაში~. ახლა ცხადია, რომ ძალა, რომელსაც კოდრინგტონი აღწერს, სრულიად საწინააღმდეგოა იმგვარი მაგიური ძალისა, რომელიც პირველყოფილი საზოგადოების მითოლოგიებში ველურთა ქცევებსა და მათ მაგიურ ფორმულებში წარმოგვიდგება. როგორც ჩემი მელანეზიური გამოკვლევების შდეგად დავრწმუნდი, მაგიური ძალა მართლაც მხოლოდ ჯადოქრობასა და მასთან დაკავშირებულ რიტუალშია და გადაიცემა არა ნებისმიერი გზით, არამედ მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული პროცედურით. იგი სრულებით არ ვლინდება ფიზიკურ ძალაში, ხოლო მისი ზემოქმედება ადამიანის უნარებსა და განსხვავებულ თვისებებზე მკაცრად განსაზღვრული და შეზღუდულია. იგივე შეიძლება ითქვას ჩრდილოამერიკელ ინდიელთა კულტურიდან ნასესხები ზოგიერთი ცნების განმარტების თაობაზეც. მათ არაფერი აქვთ საერთო რაიმე კონკრეტულ და განსაკუთრებულ მაგიურ ძალასთან. მაგალითად, დაკოტას ტომის ენიდან აღებული სიტყვა `ვაკან~, შემდეგნაირად განიმარტება: `ყველაფერი, რაც ცოცხალია, ვაკან-ია. ასეთია ნებისმიერი საგანი, რომელშიაც ვლინდება ძალა: იქნება ეს ქარი თუ მოძრავი ღრუბელი ან რაიმე პასიური მასა, მაგალითად, გზაზე დაგდებული ლოდი, . . . ეს სიტყვა მოიცავს ნებისმიერ საიდუმლოს, ნებისმიერ ფარულ ძალას, ყველაფერს, რაც ზებუნებრივია~. ხოლო იროკეზების ენიდან აღებული სიტყვა `ორენდა~ ნიშნავს: `ეს ძალა ახასიათებს ყველა საგანს, . . . კლდეს, წყალს, ზღვის მოქცევას, მცენარეს, ცხოველს, ადამიანს, ნიავსა თუ ქარიშხალს, ღრუბლებს, ელვასა თუ ჭექა-ქუხილს . . . პირველყოფილი მენტალობა ამ ძალაში, ყველა იმ მოვლენისა თუ ქმედების მიზეზია, რომლებიც ადამიანთა გარემომცველ სამყაროში ხდება~. მაგიური ძალის არსის რაობაზე ჩვენი მსჯელობის შემდეგ საჭირო აღარ არის იმის ხაზგასმა, რომ მანა-ს მსგავს ცნებებს თითქმის არაფერი აქვს საერთო მაგიური ჯადოქრობისა და რიტუალის განსაკუთრებულ ძალასთან. უკვე აღვნიშნეთ, რომ მაგიურ რწმენათა გაგების გასაღები მაგიის ტრადიციული ძალისა და ადამიანებისა თუ ბუნებისათვის დამახასიათებელი სხვა ძალებისა და უნარების ერთმანეთისგან მკაცრი გამიჯვნაა. სიტყვები `ვაკან~, `ორენდა~ და მრავალი ცნება ძალისა და ძალაუფლების ყველა სახეობას აღნიშნავს მაგიის გარდა და თავისთავად საუკუნეთა სიღრმეში მიმავალი წმინდა მეტაფიზიკური ცნებების გენერალიზაციის მაგლითია, რომლის ნიშნებიც ზოგიერთი თანამედროვე აბორიგენი ტომის მეტყველებაშიც შეიძლება აღმოვაჩინოთ. ისინი ძალზე მნიშვნელოვანია პირველყოფილი მენტალობის გასაგებად, მაგრამ მათი კვლევის მონაცემებზე დაფუძნებული თანამედროვე ანალიზი საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ გარკვეული პრობლემის არსებობის შესახებ, რომელიც `ძალის~ პირველყოფილ გაგებას, `ზებუნებრივსა~ და იმ ფენომენს შორის არსებობს, რასაც `მაგიურ ძალას~ ვუწოდებთ. ის ინფორმაცია, რაც ახლა გვაქვს, არ გვაძლევს საშუალებას, რომ დაუსაბუთებლად ვიმსჯელოთ ისეთ რთულ ცნებათა პირველად მნიშვნელობაზე, როგორიცაა ფიზიკური ძალა და ზებუნებრივი ქმედება. ჩრდილოამერიკელ აბორიგენთა ენებზე, როგორც ჩანს, აქცენტს პირველი ადგილი უკავია, ოკეანიის აბორიგენთა ენებში კი _ უკანასკნელი. მე მსურდა ხაზი გამესვა, რომ აბორიგენთა მენტალობის გაგების ყველა მცდელობა, უპირველეს ყოვლისა, მათი ქცევის ტიპების აღწერასა და შესწავლაზე უნდა იყოს დაფუძნებული, ხოლო ენის ლექსიკისა _ მათი ყოფა-ცხოვრების შესწავლაზე. ენას ყველაზე უფრო იოლად შეუძლია შემეცნების ჩიხში ჩვენი შეყვანა და ამიტომ `ონტოლოგიური არგუმენტაცია~ ანთროპოლოგიაში განსაკუთრებით სახიფათოა. ეს პრობლემა უზუსტეს ანალიზს საჭიროებს, რადგან მანა, როგორც პირველყოფილი მაგიისა და რელიგიის არსის თეორია, იმდენადვე ბრწყინვალეა ფორმით, რამდენადაც უსუსური რეალური გამოყენების თვალსაზრისით. ახლა უნდა დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი ცოდნა მანას შესახებ (განსაკუთრებით ეს მელანეზიას ეხება) საკმაოდ წინააღმდეგობრივია და რაც უფრო მნიშვნელოვანია, თითქმის არ გაგვაჩნია მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც შევძლებდით გვეჩვენებინა როგორ შედის ეს ცნება რელიგიურ კულტებსა და რწმენებში. დაბეჯითებით მხოლოდ ერთი რამის თქმაა შესაძლებელი: მაგიის წარმოშობა არ უნდა გაიგივდეს უნივერსალური ძალის გარკვეული აბსტრაქტული გაგების შექმნასთან, რომელიც შემდეგ კონკრეტულ შემთხვევებში გამოიყენება. პირიქით, ყოველი კონკრეტული სიტუაცია სხვა სიტუაციისგან დამოუკიდებლად თავის მაგიას შობს. მაგიის ნებისმიერი ტიპი, განპირობებული კონკრეტული სიტუაციითა და მისთვის დამახასიათებელი ემოციური დაძაბულობით, იდეათა სპონტანური მოძრაობისა და ადამიანის უშუალო რეაქციების შედეგებით წარმოიშობა. სწორედ სულიერი პროცესის ეს უნივერსალურობაა იმ ფაქტის საფუძველი, რომ მაგიას აქვს რაღაც საერთო მახასიათებლები, რომელიც ადამიანთა მაგიური აზროვნებისა და ქცევის ზოგადი ცნებებით გამოხატვის საშუალებას გვაძლევს. ახლა მივუახლოვდით მდგომარეობას, როდესაც კონკრეტული მაგიური სიტუაციებისა და იმ გამოცდილების ურთიერთდამოკიდებულების გაანალიზებაა საჭირო, რომელთა მეშვეობითაც ისინი წარმოიშვა.

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to მაგია, მეცნიერება და რელიგია (ბრონისლავ მალინოვსკი) ნაწილი #2

  1. qriswe333@mail.ru says:

    arc ise shesashuriaa chavchavadzeshi swavla damijeree :D

    Like

  2. mr.picasso says:

    საინტერესო პოსტი იყო მიზიდავს პირველყოფილი რწმენები და მსგავსი რიტუალები. ის კი არა და უნივერსიტეტშიც კი გავდივარ დემონოლოგია ჯადოქრობის სალექციო კურსს.

    Like

    • ჭავჭავაძეში სწავლობ? აუ როგორ მშურს შენი =)))))) წელს ვერ მოვასწარი მაგრამ შემდეგი სასწავლო წლიდან აუცილებლად ვივლი თავისუფალ დასწერებაზე. ძალიან საინტერესო საგნები აღმოვჩინე მაგასთან დაკავშირებით =))

      Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s