ქალთევზა

სირინოზი კეთილო ადამიანებო თუ “უცხო სიტყვათა ლექსიკონს” დავუჯერებთ:

სირინოზ-ი [ბერძ. Seirēn (მრ. Seirēnes)] – ბერძნულ მითოლოგიაში: ზღვის ნიმფა, რომელიც თავისი სიმღერით ხიბლავდა, სახიფათო ადგილებში იტყუებდა და ღუპავდა მეზღვაურებს; წარმოდგენილი ჰყავდათ თევზისბოლოიანი ქალის ან ქალისთავიანი ფრინველის სახით.

ქალთევზას ხშირად ადამიანის მაგვარ, ნახევრად ცხოველურ არსებებს უწოდებენ, რომლებიც ძირითადად ან ნახევარწილად წყალში ცხოვრობენ, რაც ფოლკლორსა და თვითმხილველთა გადმოცემებზე დაყრდნობით არის ჩვენამდე შემონახული. სიტყვა ქალთევზა შედგება ორი სიტყვისგან: ქალი და თევზი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს არსება ქალისა და თევზის მსგავია. ქალთევზები შესაძლებელია ადამიანისგან გარეგნულად არც კი განსხვავდებოდნენ, ანდაც, ჰქონდეთ წელსქვემოთ თევზის სხეული, ანუ ფეხების მაგივრად, თევზის კუდი.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალთევზას კულტი ძველ სამყაროში იღებს სათავეს და მოხსენიებულია ძველ ასურულ ტექსტებში და ბერძნულ მითებში და მთელს მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. საბერძნეთში ქალთევზებს სირინოზებთან აიგივებდნენ. სიტყვა სირინოზი ბევრ ევროპულ ენაში გავრცელდა როგორც ქალთევზას, ასევე ლამაზი და მგალობელი ქალის შესატყვისად. ძველ საბერძნეთში განარჩევდნენ კაცთევზებსაც, რომელთაც ტრიტონს უხმობდნენ. ტრიტონი ანუ კაცთევზა იგივე არსებაა, რაც სირინოზი, ოღონდ მამრობითი სქესის. დასავლეთევროპულ ფოლკლორში ქალთევზას მოიხსენიებენ სიტყვით mermaid, კაცთევზას კი merman, ხოლო აღმოსავლეთ ევროპულ ქალთევზებს, ძირითადად, სლავური წარმოშობის ფოლკლორში rusalka ჰქვიათ.

კაცთევზა ანუ ძველბერძნული ტრიტონი არის ზღვის, მდინარის ან ტბის მკვიდრი, რომელსაც წელსქვემოთ თევზის ან გველთევზას დაბოლოება აქვს. კაცთევზებს როგორც ძველი მსოფლიოს, ასევე შუა საუკუნეების ევროპის მითებსა და ფოლკლორში ვხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ კაცთევზა ქალთევზას მამრობითი ვარიანტია, მათ შორის სასიყვარულო კავშირზე ძალიან ცოტაა ცნობილი. კაცთევზები ძველად ღონიერ და ბოროტ არსებებად წარმოედგინათ ევროპის ქვეყნებში, ისინი ქალთევზების დახმარებით ხომალდეს წყალმარჩხ ადგილებში იტყუებდნენ და შემდგომ თავს ესხმოდნენ.

ძველ გრავიურებსა და ნახატებზე კაცთევზები მრისხანე სახითა და სამკაპით შეიარაღებულნი არიან გამოსახულნი. ანტიკურ სამყაროში ფართოდ იყო გავრცელებული ტრიტონების ქანდაკებები. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად , ხელოვნებიდან კარგა ხნით განიდევნა წყლის არსებებისა და ყოველგვარი მითიურის კულტი. მხოლოდ შუა საუკუნეების ხელოვნებაში განახლდა ზღვის სამყაროს პოპულარიზაცია, ხელახლა დაიწყეს ქალთევზებისა და მათი მამრი ვარიანტების გამოსახვა როგორც ტილოებზე, ასევე ქანდაკებად.


_______________________________________________________________________________________

თქმულებები

წყლის სამყაროს ამ არსებებზე თქმულებები მეტწილად ზღვისპირა, ან ისეთ ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც დიდი რაოდენობით არის მდინარეები და ტბები. ქალთევზები ძველ დროს მართალია პირმშვენიერ, მაგრამ უსულ-გულო არსებებთან ასოცირდებოდნენ, რადგან, გადმოცემის თანახმად, მათ ხომალდების ჩაძირვა სჩვეოდათ. ქალთევზები მეზღვაურებს ტკბილხმოვანი გალობით ატყვევებდნენ და იხმობდნენ, სამკაპით შეიარაღებული მკლავმაგარი კაცთევზები კი ხომალდს ესხმოდნენ თავს და ძირავდნენ. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ზღვის არსებებს მობეზრებული ჰქონდათ უკვდავება, ამიტომაც, მათ ადამიანებისგან სულის ამორთმევა სურდათ, რათა თითონაც მოკვდავნი შექმნილიყვნენ. სხვა გადმოცემები კი მოგვითხრობენ, რომ ქალთევზებს ადამიანებთან ურთიერთობა ისე ენატრებოდათ, რომ ავიწყდებოდათ, ადამიანს წყალში სუნთქვა რომ არ ძალუძს და სიღრმეებში ჩაჰყავდათ თავიანთი სამეფოების დასათვალიერებლად. ჰანს კრისტიან ანდერსენის პატარა ქალთევზაშიც ხომ სწორედ მსგავსი ისტორიაა მოთხრობილი. ფოლკლორში ქალთევზების განსხვავებული წარმომადგენლებიც არის აღწერილი ე. წ. ქალწული ქალთევზები ანუ ნიმფები. ნიმფა ძველბერძნულად ქალწულს ნიშნავს.

ახლო აღმოსავლეთი

ქალთევზებზე პირველი თქმულებები ასურეთში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1000 წელს გაჩნდა. ქალღმერთი ასტარტა ასურეთის დედოფლის სემირამიდას დედა იყო, რომელსაც მოკვდავი მწყემსი შეუყვარდა, თუმცა, ურთიერთობისას უცაბედად შემოაკვდა. დარცხვენილმა ასტარტამ წყალში ჩაშვება და თევზად გადაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ წყალმა საწადელი ბოლომდე არ შეუსრულა, წელსზევით ის ქალად დარჩა, წელსქვემოთ კი ფარფლიან თევზად ანუ ქალთევზად გადაიქცა.

ძველი საბერძნეთი

თევზისკუდა ქალებს ძველ საბერძნეთში სირენებად გამოსახავდნენ, რომელთაც ძველ მითოლოგიაში ულამაზესი ხმების ქონას მიაწერენ (თუმცა, ოდნავ მოგვიანო პერიოდებში). ისეთ ენებში, როგორიცაა ესპანური, ფრანგული, იტალიური და პოლონური, ქალთევზა დღემდე ძველბერძნული სირენადან მომდინარეობს Siren, Sirene, Sirena, Syrena ან Sereia.

კაცთევზებს კი ძველი ბერძნები ტრიტონებსა და ნერეებს უწოდებდნენ. ნერეის ქალიშვილები ნერეიდებად იყვნენ სახელდებულნი და მეტწილად პოსეიდონისა და ამფიტრიტეს პროცესიაში შედიოდნენ.

დასავლეთი ევროპა

გავრცელებული მოსაზრებით, ქალთევზები უსულო არსებანი არიან, რომელთაც სულის მოპოვება სურთ, თუმცა, ზღვის დატოვება არ ძალუძთ. არსებობს 5-ე საუკუნის ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, შოტლანდიასთან ახლოს, პატარა კუნძულზე სულის მოპოვების სურვილით შეპყრობილი ქალთევზა ყოველ დილა ერთ ბერს ნახულობდა. ისინი ერთად ლოცულობდნენ. ქალთევზამ ზღვის დატოვება მაინც ვერ შესძლო და თვალცრემლიანმა ისევ ზღვას მიაშურა. ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარმაც “პატარა ქალთევზა” ასეთი ისტორიულად ქცეული კანონი უფრო პოპულარული გახადა: “ქალთევზა სულსა და სიყვარულს მოკვდავთან ეძებს”.

შოტლანდიურ მითოლოგიაში ადამიანისმაგვარ სხვა არსებებსაც ვხვდებით, რომელთაც შელკები ჰქვიათ, ისინი უფრო მეტად ზღვის ლომები არიან და ქალთევზებს ჩამოჰგვანან.

გერმანული ქალთევზა — უნდინა — ძირითადად უკუდოა და ლამაზი, თავთუხისფერი თმა აქვს. მას უფრო მდინარის წყლებში ხვდებიან.

გერმანული ფოლკლორისა და ლიტერატურის პერსონაჟი ლორელეი — ლამაზი გოგონაა, რომელიც თავისივე სახელის მქონე გორაკზე ზის რაინის ნაპირას და თმას ივარცხნის, მისი ხმატკბილი გალობა კი მეთევზეებს ატყვევებს. სიუჟეტი ჰაინემაც დაამუშავა, არსებობს ოპერა და ბალეტი.

აღმოსავლეთი ევროპა

აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები სლავების ენებზე ქალთევზებს რუსალკები, კუპალკები და ლოსკოტუხები ეწოდებათ. სლავური მითოლოგიით ისინი მავნებლები არიან. ქალთევზებად როგორც წესი წყალში დამხრჩვალი გოგონები გადაიქცევიან, რომლებიც უდროო დროს ბანაობდნენ და წყლის დევებმა ჩაითრიეს სიღრმეში რათა მხევლებად გამოეყენებინათ. ქალთევზებად ასევე შეიძლება ქცეულიყვნენ დაღუპული მოუნათლავი ბავშვები.

ძირითადად წყალში ცხოვრობენ, ხანდახან მინდვრებშიც — პოლუდენიცები, ხეებზე კი — ხის ალები. სლავურ ფოლკლორში მეტწილად ქალთევზებია ნახსენები, თუმცა, ზოგჯერ კაცთევზებზეც ვხვდებით მოთხრობებს. ხანდახან წყალში ჩავარდნილთა დამხმარეებადაც გვევლინებიან. წარმოგვიდგენიან გრძელთმიანი, ლამაზი გოგონების სახით, ზოგჯერ კი კაპარჩხანა ქალების სახით (ჩრდილოეთის რუსებში).

ქალთევზას სახე ერთდროულად წყალთან და მცენარეებთან იყო დაკავშირებული და წყლის სულებისა და საკარნავალო პერსონაჟების შტრიხებს აერთიანებდა (კოსტრომა, იარილი). ქალთევზას სიკვდილი მოსავლიანობის სიუხვესთან იყო დაკავშირებული. ალბათ აქედან უნდა იყოს ქალთევზების საიქიოსთან კავშირი: როგორც ჩანს, ქრისტიანობის დამკვიდრებასთან ერთად, ქალთევზები არაბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილ უწმინდურ არსებებთან გაიგივდნენ.

ვარშავის ქალთევზა

ვარშაველი ქალთევზა 1659 წელი

ქალთევზა ანუ სირენკა (პოლ: syrenka) ვარშავის სიმბოლოა. ქალთევზას სახება ვარშავის ჯვარზეც კი იყო გამოსახული, როგორც ქალაქის სიმბოლო, 14-ე საუკუნიდან.

ლეგენდარული პერსონაჟის წარმომავლობა ბოლომდე გარკვეული არ არის. თხზულებების ავტორები და ლეგენდები მისი წარმოშობის დადგენას ცდილობდნენ. ყველაზე გავრცელებულ ლეგენდაში არტურ ოპმანი მოგვითხრობს, რომ უხსოვარ დროს ტრიტონის ორმა ქალიშვილმა ოკეანეებსა და ზღვებში მოგზაურობა გადაწყვიტა. ერთ-ერთმა მათგანმა დანიის სანაპიროზე გადაწყვიტა დარჩენა, ამიტომაც კოპენჰაგენის პორტის შესასვლელთან დღემდეა მჯდომარე ქალთევზას ქანდაკება. მეორე თევზქალამ მდინარე ვისტულას მიაღწია და მისი წყლების სიღრმეებში ჩაეშვა. დაღლილმა წყლის არსებამ სოფელ ვარშავის მახლობლად ქვიშიან ნაპირზე არჩია დასვენება. ადგილობრივი მებადური მისი სილამაზითა და სიმღერით დასატკბობად გაეშურა ქალთევზასკენ. ბოროტმა ვაჭარმაც მოჰკრა ზღვის ქალის სიმღერას ყური, ამიტომ, მებადურის კვალს გაჰყვა და რომ მიაგნო, ქალთევზა დაატყვევა.

სხვა ლეგენდის თანახმად, ქალთევზა ვარშავაში ქალაქის უძველესი დამცველის გრიფინის სიყვარულით ბალტიის ზღვიდან მიცურდა, რათა დაღუპული საყვარლის გამო შურია ეძია, რომელიც 17-ე საუკუნეში შვედებთან ბრძოლისას დაღუპულიყო. ამის შემდეგ ქალთევზა ქალაქის დამცველი გახდა და ვარშავის სიმბოლოდაც იქცა.

აფრიკა

აფრიკაში მოგზაური ზოგიერთი მისიონერის ჩანაწერებში ვხვდებით ცნობებს ქალთევზების შესახებ, თუმცა, მათი უმეტესობა წყლის არსებების ზუსტ აღწერილობას ვერ იძლევა. მოყვანილი ცნობებით, თითქოს ანგოლაში, მდინარეებში ქალთევზები ცხორობდნენ, რომლებზეც უცხოტომელი მებადურები ისე თევზაობდნენ და საკვებად გამოიყენებდნენ, როგორც ჩვეულებრივ თევზებზე. ოდნავ მოგვიანებით დაისვა საკითხი ქალთევზების სულიერებაზ

ე, ანუ თუკი მათ სული ჰქონდათ, ესე იგი, მათი შეჭმის ფაქტიც კანიბალიზმად უნდა ყოფილიყო შეფასებული. ამის მიუხედავად, აფრიკის თევზქალებზე დიდი დაინტერესება არ გაჩენილა, რადგან მისიონერთა მიერ მოყვანილი ცნობები სიმართლეს მოკლებულად იქნა მიჩნეული.

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ქალთევზა

  1. Lover of Siren says:

    სირენებო და ტრიტონებო,ნუ გამაბრაზებთ! ვიცი,გაშინებთ პოსეიდონი,თქვენ ხომ მის სამყაროში ცხოვრობთ… :დ

    Like

  2. mariamo says:

    qaltevzaa dgesac arseboss daa is chvenshoris cxovrobs magalitad mee misi cocoxali magalitii varr sheidzzleba giji gegonot magram aseaa :|:| daa es sashinelebaaaaaaaaaaaaaa!!!

    Like

  3. qilipa says:

    გაიხარე! კმაყოფილი ვარ ამხელა ინფოს მიღებით, საკმაოდ ვრცელი, ამომწურავი და საინტერესო იყო…

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s