გოდერძი ჩოხელი…

 

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალი…

გოდერძი ჩოხელი (დ. 2 ოქტომბერი, 1954 – გ. 16 ნოემბერი, 2007) — ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი.დაიბადა სოფელ ჩოხში, იმ დროს საბჭოთა საქართველოში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1979 წელს. პირველი მცირემეტრაჟიანი ფილმი 1978 წელს გადაიღო. მის ყველაზე წარმატებულ ფილმებს შორისაა “აღდგომა” (1982), “ადამიანთა სევდა” (1984), “აღდგომის ბატკანი” (1988), “ცოდვის შვილები” (1989), “სამოთხის გვრიტები” (1997), “ლუკას სახარება” (1998) და “მიჭაჭვული რაინდები” (2000).გოდერძი ჩოხელი ისეთი რომანების, მოთხრობების და ლექსების ავტორია, თავს რომ მოანატრებენ და ისევ თავისთან მიაბრუნებენ მკითხველ

გოდერძი ჩოხელის დაწერილი ავტობიგრაფია

დავიბადე 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში; უფრო სწორად, ჩოხში არა.

ჩოხი ითვლებოდა წმინდა ადგილად. ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავი არის იქ და არ შეიძლება მშობიარობა (არც ადრე შეიძლებოდა, რა თქმა უნდა).

ამიტომ დედაჩემი წავიდა ზევით მთაში თავის დედ–მამასთან, სოფელ ბურსაჭირში, მაგრამ იქამდე ვერ მივაღწიე და გზაში გავჩნდი, გზაზე დავიბადე. შემოდგომა იყო, ციოდა. დედაჩემს მდინარის გაღმა სახლი დაუნახია და იქ მისულა. ეს მწყემსების სახლი ყოფილა, მაგრამ არც იმათ შეუშვიათ.სახლშიც არ შეიძლებოდა მშობიარეს შესვლა. გომურში შესულა და ის ღამე იქ გაგვიტარებია…

ორმოცი დღე დავრჩენილვარ ბურსაჭირში და მერე დამაბრუნეს ჩოხში.

ჩოხში დავამთავრე რვა წლიანი სკოლა.

პირველად ფილმი ჩოხში ვნახე, მეოთხე კლასში და იქიდან გადავწყვიტე, რომ კინოსთვის დამეკავშირებინა ჩემი ბედი. შემდეგი ორი წელი ფასანაურში ვსწავლობდი, საშუალო სკოლაში.

შემდეგ ჩავაბარე შოთა რუსთავერლის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, მაგრამ გადავედი კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე,რომელიც მოგვიანებით შეიქმნა.

ჩემი პირველი საკურსო ფილმი იყო “ნამეხარი მუხა”. მეორე საკურსო ფილმი იყო “ადგილის დედა”, რომელმაც მიიღო გრან–პრი ქ.ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. პრიზის მისაღებად არ წავსულვარ. არც ვიცოდი, ჩემი ფილმი ფესტივალზე თუ იყო გაგზავნილი.

ინსტიტუტი დავამთავრე 1979 წელს და იმავე წელს მიმიღეს დამდგმელ რეჟისორად “ქართულ ფილმში”.

მწერლობა დავიწყე 1977 წელს. საკურსო ფილმებისთვის ვწერდი სცენარებს და შემდეგ დამიბეჭდეს, როგორც მოთხრობები. რედაქციაში რამდენიმე სცენარი დამიწუნეს და სხვა დაგვიწერეო, მეუბნებოდნენ. თურმე, თავიდანვე მოსწონებიათ და იმიტომ მაწერინებდნენ. პირველი გამოხმაურება ბატონებმა – ნოდარ წულეისკირმა და ნიკო კეცხოველმა დამიწერეს.

მერე, ჩოხელები ისეთი ჯიუტები ვართ…

ჩოხელი ქვაზე შედგა და აღარ ჩამოდიოდა. ეხვეწნენ, ჩამოდი, გაცივდებიო, მაგრამ არ ჩამოვიდა. ბოლოს მართლა გაცივდა და მოკვდა…

ჰოდა, მეც დღემდე ჯიუტად ვწერ…

ჩემი პირველი წიგნი 1980 წელს დაიბეჭდა გამომცემლობა “მერანში” – “წერილი ნაძვებს”. ჩემი პედაგოგი იყო ქალბატონი ლანა ღოღობერიძე და აღფრთოვანებული იყო ჩემი სცენარებით და მოთხრობებით. მაწერინებდა და მაწერინებდა…

სადებიუტო ფილმი იყო “ბაკურხეველი ხევსური”.

1982 წელს მოვიყვანე ცოლი – ნინო. მყავს ორი შვილი – ლუკა და ნიკოლოზი. ჩოხში მამა მყავს. დედა აღარ მყავს. მამა 78 წლისაა. მყავს ერთი და,–ელისო, გათხოვილია სოფელ ჭართალში. სკოლის მასწავლებელია.

შემინახე, დედაო მიწავ!

შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლება,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები…
გაიხსენი, გაიხსენი ეგ საკინძე და მიმიღე; მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა.
გაისხენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
ვინ დამაყენა შენს ბეჭებზედ, ვინ მომცა სახე, ვინ გამიმაგრა ეს მუხლები, ძვალი ძვალზე ვინ შემომადგა.
ვინ მოახვია ჩემს ძვლებს ეგ ხორცი.
ვის სამსხვერპლოზე ვანთივარ სულით.
რად ახვევია ჩემს არსებას ეს საწუთრო ნისლივით მღვრიე.
ეს ყოველივე რატომ ხდება ან რაც არ ხდება, რატომ არ ხდება. სულს ვინ მიწეწავს, ვისი გონით გონივრობს გონი.
ვისი ხელია, მიწას რომ თხრის და თავისივე ძვლებს ასამარებს.
მე მესმის შენი იდუმალი ამოძახილი:
_ გაჩუმდიო! _ რომ ამომძახი.
_ ღმერთის ნებაა!
იყო ნება ღვთისა და არარისგან იქმნა რაობა.
იყო ნება ღვთისა და რაობა იქცა არარაობად.
შეეთვისა და განეთვისა:
ცეცხლი ჰაერს, ჰაერი წყალს, წყალი მიწას…
იშვა ყოველი სახიერი ღვთის არსებაში…
დავიბადე!
აჰა, მოვედი ზენაარო შენს საუფლოში:
_ სად ვინა ხართ, გამოიხედეთ!
მე არავინ შემეხმიანა და ვიდრე გონების თვალს აღმიხელდი, ვტკბებოდი შენით.
ჩემი სხეული შენით აღივსო და მეც ისევე დამემართა, როგორც უცხო ადგილზე მოხვედრილ დამშეულ მგზავრს ემართება _ რომ მოისვენებს, ხორცს განიძღებს, მერეღა ძიობს მისი სული გულუხვ მასპინძელს.
მე შენ გეძებდი.
გეძებდი მანამ, სანამ შენ თვითონ არ ჩამოწვდი ჩემს გულ-გონებას:
_ ყველაფერი ღვთის წილია და ყველაფერში ღმერთი სულდგმულობს.
შენც ხომ ღვთის წილი ხარ, დედამიწავ!
შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
მე სანთელს ვგავარ, შენს ბეჭებზე ორი ფერის ტაბლაზე ვიწვი: დღისით და ღამით.
უფლის განგებით სავსე არის ორივე ტაბლა:
ღამე სიზმრებით, ხოლო დღისით სახიერი ცხადი ხილვებით.
ჩამოდგა ჩემი დღის ტაბლაზე ჩაქრობის ჟამი.
ღამის ტაბლაზე მოსალხენად მიდის უფალი.
მე ვიღვენთები და შემოქმედს წყვდიადს ვუნათებ, რომ დღის ტაბლიდან სახიერი სიზმრეულში გადაიტანოს…
და სული ჩემი ჰგავს ქარბორბალას, ტრიალებს ჩემში და რაც მოაქვს, მიაქვს ისევე.
.
შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები,
გაისხენი, გაისხენი ეგ საკინძე და მიმიღე მე.
მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა…
გაიხსენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
მე რომ ჩამომძახებენ:
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
აი, ეგ სიტყვები დაიჭირე, შიგ ჩემი ძვლები გამოხვიე და შემინახე, რომ არ დაგეკარგო. გამომალიჭისთავე, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდე, ადვილად გამომხსნა.
შემინახე, დედაო მიწავ!

ჩემო იმედის მთვარეო

მთვარეო, მთვარის ნალეო,
მთაზე გადმოდექ, მალეო,
სხივი მოჰფინე ქვეყანას,
სინათლით გაგვახარეო.
ამოდი, მტერი დაგვიფრთხე,
გულს დარდი გადაგვყარეო,
დააფრთხე, თავზე აგვყარე
პირგაშაული ღამეო;
მთვარეო, მთვარის ნალეო,
ჩემო იმედის მთვარეო!

მარტს აყოლილო ღრუბელო

რა არეული დადიხარ,
მარტს აყოლილო ღრუბელო,
დღეში ათასჯერ წუწუნებ,
ცხენს დააქროლებ უბელოს,
ქვეყანას შენ რას უწუნებ,
მარტს აყოლილო ღრუბელო!

*   *   *

* მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის.

* ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული.

* სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა…

* სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს.

* სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი.

* თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება კაცთა მოდგმა.

* ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია, იმწუთშივე წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს გამოგიძებნი…

* კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის – ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწავ,რამდენიც გენებოს, იტრიალე!

* ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო,თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში.

* დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის.

* დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს.

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged . Bookmark the permalink.

5 Responses to გოდერძი ჩოხელი…

  1. mzia ამბობს:

    გენიალურია!

    Like

  2. გამოხმაურება: გოდერძი ჩოხელი… « ეიფორია

  3. sk3327 ამბობს:

    მადლობა

    Like

  4. kate_alukard ამბობს:

    მადლობა =))))

    Like

  5. komisia ამბობს:

    გოდერძი ჩოხელი იყო და არის ყყყყყყყველაზე მაგარი ადამიანი!
    მარტო ”ადამიანთა სევდა” რად ღირს, სხვებზე რომ არაფერი ვთქვა…

    მოკლედ, გენიოსი იყო და ჯიგარი ხარ ამ პოსტისთვის :)

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s